Thursday, December 20, 2012

ფრაგმენტი სინამდვილიდან...



"ლოთია" თუ "ნარკომანი"?...

იქნებ "გიჟია", შეშლილი ...

არ მიეკაროთ...

ფუ...

რამ გააუბედურა ასე ნეტავ...

ამ ადამიანების დანახვისას უცნაური გრძნობა მეუფლება- უსუსურობის... გაურკვევლობის...სიბრაზის ყველაზე და ყველაფერზე...

ჯერ კიდევ შარშან ...
არასდროს დამავიწყდება...
შემოდგომის ბოლო იქნებოდა ან ზამთრის დასაწყისი, ზუსტად არ მახსოვს...
უნივერსიტეტში ძალიან მეჩქარებოდა, მაგრამ  5 წუთი ერთ ადგილზე გავქვავდი...
სულ მთლად "გამოვშტერდიო"  ის დამემართა...
კოლმეურნეობის მოედნამდე სანამ მიხვალ, იქ ერთი  გაჩერებაა ტოტალიზატორის წინ...
სწორედ ამ ტოტალიზატორის გვერძე იჯდა ქალბატონი...
უამრავი ნივთითა და "შეხვეული" პარკებით, თავად ქალბატონს ძალიან ბევრი ტანსაცმელი ეცვა...
ჰქონდა ჰიგიენის სერიოზული პრობლემები...
იცინოდა...
ლაპარაკობდა ბევრს და გაურკვევლად...
ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს  საჯაროდ, პირდაპირ "კონსერვის" ყუთში იკმაყოფილებდა...
გამვლელების უმეტესობის სახეზე სიბრალულიც კი აღარ იყო ასახული,რაღაც ზიზღისმაგვარი...
მდუმარე ნაბიჯები, მდუმარე მოძრაობები, მდუმარება...

Sunday, December 2, 2012

გვიანი შემოდგომა ლოპოტაზე...


  გვიანი შემოდგომა...
  გარემო ყავისფერი (გვიანი შემოდგომის კვალობაზე მაინც ბევრი ფერი)..
ზოგადად საქართველოში ლამაზი ადგილი ბევრია, თუმცა ასეთი მშვიდი, ასეთი სუფთა - გამორჩეულად ლოპოტას ტბა და მის გარშემო არსებული ტერიტორიაა.
    ყველაფერი იმისთვის, რომ დაისვენო, იფიქრო, ჩაუღრმავდე, მოგეწონოს და აღმოაჩინო....
 არის მეორე ალტერნატივაც-საერთოდ არაფერზე არ იფიქრო, ერთი დღით მაინც გაათავისუფლო გონება (პირობითად) "აზრიანი" თუ "უაზრო" საფიქრალისგან...
   და კიდევ ბევრი ალტერნატივა...:)


















დილის 8 საათიდან...

Monday, November 26, 2012

"რიგი სოციალური დახმარებების ასავალ-დასავალი"


გთავაზობთ ანალიტიკურ ესეს, რომელიც პროექტ "შენი უფლებაა იცოდე"-ს ფარგლებში 
   “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI)  დახმარებით, 2012 წლის 31ოქტომბერს „საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“, გავუგზავნე წერილი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა  არათუ სრულყოფილად, არამედ არც ნაწილობრივ გაცემული და არც სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარი არ მიმიღია.  კერძოდ  აღნიშნული სამინისტროსგან  მაინტერესებდა 2012 წლის დასაწყისიდან დღემდე გაცემული სოციალური დახმარებების (2006 წლისკანონით სოციალური დახმარებების შესახებ“ განსაზღვრული ფულადი სოციალური დახმარებების: საარსებო შემწეობა,საყოფაცხოვრებო სუფსიდია, რეინტეგრაციის შემწეობა,სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზრაურება ) დეტალური ხარჯთაღრიცხვა, თუ რა რაოდენობით გაიცა და რამდენ ადამიანზე (თითოეული მათგანი ცალ-ცალკე კვარტლების მიხედვით და საბოლოოდ დაჯამებული სახითაც).
        ჩემთვის, როგორც „ახალბედა საჯარო ინფორმაციის მომთხოვნელისათვის“ ამ სამინისტროსთან ურთიერთობა „უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნის“ მიღებით დაიწყო. ფაქტიურად „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ“ დაარღვია, საქართველოს მოქალაქის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელიც დამატებით რეგულირებული და განმარტებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
     აღნიშნული საკითხი (სოციალური დახმარებები), რომ  სრუალიად საქართველოს მოსახლეობისათვის მუდმივი ინტერესის საგანი და მისი დიდი ნაწილისთვის  სასიცოცხლო მნიშვნელობის, ხოლო  ხელისუფლებისთვის რთულად გადასაწყვეტია  ადასტურებს   2012 წლის  ბიუჯეტის „სახელმწიფო პრიორიტეტებსა და პროგრამებში“ „ხელმისაწვდომი,ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის“  ნომერ პირველ პრიორიტეტად განსაზღვრა. სოციალურად დაუცველ ფენებზე მზრუნველ პროფესიონალთათვის საინტერესოა „მაკრო დონის  ფინანსური გადანაწილება“, რადგან ბენეფიციართა მომსახურება უმეტეს შემთხვევებში პირდაპირაა დამოკიდებული ფულადი რესურსის ქონა-არქონაზე. ამ ინფორმაციის გაცემისას,  ხელისუფლების  საჯაროდ ანგარიშვალდებულებას  კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ სოციალური დახმარებები (რომელიც ზოგადად,  არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად და არ წარმოადგენს ასევე პერსონალურ მონაცემებს) მთლიანად საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება (2012წლის ბიუჯეტი. საბიუჯეტო სახსრები- 273,917.0 ათასი ლარი, გრანტები 0.0, კრედიტები 0.0),ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი კი  მარტივად რომ ვთქვათ ჩვენი, მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება.

Monday, November 12, 2012

რწმენების სამყაროში...

 
    პოსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ რელიგიას უკავშირდება, უფრო სწორედ ჩემი თვალით დანახულ "ქართველ მორწმუნეებს" და ნაწილობრივ "ქართულ რელიგიურ ცნობიერებას".  უკვე დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე დავწერო, არვიცი ის განსაკუთრებით ჩემ გარშემოა აქტუალური თუ უბრალოდ მე ვლაპარაკობ ხშირად მასზე, მაგრამ მაინც მგონია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ქართულ სოციუმში ძალიან საინტერესო "რწმენებთან" და "რელიგიურ    შეხედულებებთან" გვაქვს საქმე. პოსტში გამოთქმული შეხედულებები არანაირად არ ისახავს მიზნად ვინმეს რელიგიური გრძნობების და შეხედულებების შეურაცხყოფას.არ ეყრდნობა არანაირ კვლევას, არამედ პირად მოსაზრებებს და გამოცდილებას.
     რელიგიის დეფინიციის გახსენებით, ჩემი და თქვენი აზროვნების პროცესი გარკვეული მიმართულებით წარიმართება... რელიგია ეს არის განსაკუთრებულ შეხედულებათა სისტემა(რელიგიური ცნობიერება), მოქმედებათა(რელიგიური კულტი) და შესაბამის დაწესებულებათა (რელიგიური ორგანიზაციები) ერთობლიობა,რომელიც დაკავშირებულია ზებუნებრივის რწმენასთან.(უფრო ვრცლად პროფესორ ოთარ გაბიძაშვილის წიგნი,რელიგიათმცოდნეობა, თბ,2002).
 ზოგადად რელიგიის ფუნქციებსა და დანიშნულებაზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება როგორც სხვადასხვა მეცნიერების ისე სხვადასხვა რელიგიის გადმოსახედიდან.თუმცა მე მაინც განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი,რომ რელიგია უნდა ასაზრისიანებდეს და აწესრიგებდეს ადამიანთა ცხოვრებას, უნდა იყოს განსაკუთრებული სოციალური ფუნქციების მატარებელი ინსტიტუტი და ამასთანავე (ყველანაირი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად) თითოეული ადამიანის"პირადი საქმე"(ამ უკანასკნელის ამგვარად აღქმა, ვგონებ, რომ გვიჭირს ქართველობას!).
   ზოგადად არ მხიბლავს კლასიფიკაციები და ადამიანთა გარკვეულ კატეგორიებში გაერთიანება, თუმცა დღევანდელ ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიან მორწმუნეებს, მაინც მივაკუთვნებდი გარკვეულ კატეგორიებს ( ეს დაყოფა პირობითია და, რა თქმა უნდა არასრული) :

Saturday, October 13, 2012

D I S C R I M I N A T I O N !


   დისკრიმინაცია- ცნება, რომელიც საკმაოდ ხშორად გაისმის მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში. იგი ლათინური სიტყვაა (discrimination) და განსხავებას ნიშნავს.ფართო დეფინიცია კი ამბობს, რომ ეს არის „ცალკეული პირების,ჯგუფების ან რომელიმე ერთობისათვის თანაბარი სოციალური,პოლიტიკური ან ეკონომიკური პირობების არარსებობა.“ „დისკრიმინაცია ეს არის რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული,ცალკეული პირების,ჯგუფების უფლებების შეზღუდვის ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა,რომელიც ფიზიკურ  და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაში გამოიხატება“ (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი-დისკრიმინაცია)

Monday, October 8, 2012

გამოცდილებიდან...


     სიგიჟეცაა თქვა, რომ ეს რეალობა გიყვარს, თუმცა რეალობისა და  რეალიზმის სიყვარული, ცხოვრების  ჯანსაღი თვალით ყურებას და პოზიტიური ცვლილების შანსს ნიშნავს...
     ძალიან ძნელია გაჭირვება, უიმედობა, ცრემლი, ტრაგედია, ტკივილი თუნდაც გვერდიდან მაყურებლის როლში ნახო, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად მძიმეა როცა ამას  აცნობიერებ, ხვდები რომ ვერ დაეხმარები და წარმოუდგენელი უსუსურობისა და პროტესტის გრძნობა გეუფლება. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არის...

 მ ო ხ ა ლ ი ს ე ო ბ ა 
"ფინანსური გამორჩენისა და იძულების გარეშე, პირადი არამატერიალური დაინტერესებით განპირობებული და მოხალისეობის იდეალების გათვალისწინებით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია საზოგადოების სასიკეთოდ და აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტისაკენ."

   მოხალისეობის შესახებ ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ, ამ დეფინიციით ისედაც ნათქვამია თუ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ . ამ საქმიანობას  არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდმა"მაზიარა, და სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით მოხალისეობისას გავაკეთე პირველი ჩანაწერი  მოხუცთა თავშესაფარში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ . ხელუხლებლად გთავაზობთ მას, როგორც გულწრფელ და პირველად ემოციას   დაბრუნების შემდგომ...
     
   "შესვლისას თევზისა და წვნიანის სუნი ერთმანეთში ირევა...დერეფანში მოხუცები არიან მოკალათებულნი,ზოგი ბუხართან თბება,ზოგიც მაგიდას შემოსხდომია და ბაასობს(ერთი საათით ადრე სადილის მოლოდინში).
    მე და ქრისტიმ უხმოდ გავიარეთ მოხუცებით სავსე ფოიე , არ დამავიწყდება ერთ-ერთი  ქალბატონის  გახარებული სახე და წამოძახილი „აი ,გოგოებიც მოვიდნენ!“,მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვიყავით, მოხუცები მაინც მიხვდნენ ჩვენი მისვლის მიზეზს. ჩვენ მოხალისეები ვართ,რომლებიც სადილს გაუმზადებენ მათ!
     სასადილოში შესასვლელი კარი დაკეტილი დაგვიხვდა (კარი იკეტება მანამდე, სანამ მორიგი ცვლა შემოვა,სასადილო ემზადება...)და შემოვლითი გზების ძებნა მოგვიწია.
    სამზარეულოში სიხარულით შეგვხვდნენ  მთავარი მზარეული მაღალ-მაღალი, ბუთხუზა კაცი და სამი ქალბატონი,რომლებიც მოხუცებს სადილს უმზადებენ. ერთ-ერთმა მათგანმა „ორგანიზაციის“ფორმები მოგვარგო და აგვიხსნა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.გულზე მომხვდა,თუმცა ასეთ რაღაცას მაინც ველოდი „გოგონებო დამატება თუ მოგთხოვონ,უთხარით რომ არ შეიძლება,აქ ყველაფერი გათვლილია,თვლით არის პური,ვაშლი...“
    შემართებით დავიწყეთ სუფრების გაშლა და „პირველი ნაკადის“მიღება. მოხუცები ხმაურით და ფორიაქით შემოვიდნენ დარბაზში და კუთვნილ ადგილებს მიუსხდნენ. როგორ ადამიანებს  არ ნახავთ აქ: ჩაფიქრებულს, მოწყენილს, მხიარულს, ძალიან მხიარულს, სევდიანს, ენაწყლიანსა თუ სიტყვაძუნწს...მიუხედავად იმისა,რომ არცერთ მათგანს არ მოუყოლია ჩემთვის თავისი ცხოვრება,თუნდაც მისი ნაწილი, ერთი შეხედვითვე ჩანს რომ ყველას თავისი სატკივარი  და გასაჭირი აქვს.
  ზოგი წვნიანს ყუთში ასხამს, რომ სახლშიც ჰქონდეს საკვები,ზოგს საერთოდაც არ მოსწონს და უკან აბრუნებს,ზოგიც გვერძე მაგიდებზე გზავნის თავის წილს...ერთი სიტყვით დიდი და მზრუნველი ფუსფუსია.ზოგს კოვზი არ აქვს,ზოგი თევზის ნაჭრის ზომას უჩივის,ზოგს ცხელი წყალი უნდა წამლისთვის,მაგრამ პერსონალს საქმე ისედაც თავზე საყრელი აქვს და ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს.“გოგონა გენაცვალე სამზარეულოში უთხარი ერთი თუ შეიძლება,რომ ვიცოცხლო ერთი ჭიქა წყალი ამიდუღონ,წამალი მაქვს დასალევი...“მე დაბნეული გადავცემ დანაბარებს და ორგზის მიწევს იმის თქმა, რომ ჭიქა წყალს ვერ ავუდუღებ...
 პირველად მისულმა ერთბაშად ძნელია მოხუცებს გაუგო. ერთ-ერთმა ქალბატონმა თავისი წილი წვნიანი სამზარეულოში  დამაბრუნებინა,თუმცა შემდგომ დამიძახა და მითხრა, რომ მისი კოვზი წავიღე,პატარა კოვზი (კოვზები მოხუცებს თავად მოაქვთ).ბევრი ძებნის შემდგომ უკან დავბრუნდი იმედგაცრუებული (ვიფიქრე მოხუცია და ალბათ დაავიწყდა, რომ კოვზი წვნიანში არ დაუტოვებიათქო),მაგრამ მან კვლავ საძებნელად გამიშვა.ბევრი წასვლა-წამოსვლის შემდეგ ჭურჭლის მრეცხავმა „არასამზარეულოს“საკმაოდ დიდი ზომის კოვზი მომცა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ის იყო...
  ხშირად ამბობენ ხოლმე მოხუცები და ბავშვები ძალიან ჰგვანანო ერთმანეთს,სწორედ ეს გამახსენდა როდესას წამოსვლისას ერთმა მოხუცმა ხელი დაგვიქნია და თბილად გაგვიღიმა..."  
                                                                                   09.02.12

ასევე ხელუხლებლად გთავაზობთ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ბენეფიციარის მიმართვის წერილს,რომელიც მან თავშესაფარში  მიღებამდე დაწერა (ამ ისტორიის გამოქვეყნება გადავწყვიტე,რადგან თავად ორგანიზაციაც ასაჯაროებს მას)

Wednesday, October 3, 2012

ძალადობა-დახმარების ხელი ყველა მხარეს!

           საეთოდ დედამიწაზე,სოციუმში, კონკრეტულად კი პიროვნებათაშორის ურთიერთობებში ბევრი რამ არის ისეთი დამალული და შეუსწავლელი ,რისი ახსნაც არათუ რიგით ადამიანებს,არამედ უნიჭიერეს მეცნიერებსა და გამოცდილ მკვლევარებსაც კი უჭირთ.ჩემი აზრით ,ერთ-ერთი ასეთი საკითხია ძალადობა, რომელსაც მრავალი კუთხიდან სჭირდება ძირეული კვლევა და რაც მთავარია ობიექტური კვლევა. ობიექტური კვლევა, რადგან ძალადობისას არის ორი მხარე მოძალადე და ძალადობის მსხვერპლი, რომელთაგან პირველი საზოგადოების გაკიცხვის მუდმივი ობიექტია,ხოლო მეორე იმავე საზოგადოების მუდმივი სიბრალულის (ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ეს დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებათ,როგორც მოძალადეებს ისე ძალადობის მსხვერპლებსაც,რაც ხელს უშლით მათ, ახალი ცხოვრების დაწყებაში) არადა იმისათვის,რომ რეალურად რამე პოზიტიური მოხდეს ამ ორი მხარის ცხოვრებაში, საჭიროა ერთისათვის კვალიფიციური ფსიქო-სოციალური დახმარება და რაც შეიძლება ნაკლებ განსჯითი მიდგომა(თუ არ ეხება საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს) ხოლო მეორის მიმართ არა სიბრალულის უბრალო გამოვლინება (რომელიც ხშირად საჭორაო თემა უფროა ქართულ სინამდვილეში, ვიდრე სიბრალულის გამოხატვა) არამედ მისი რეაბილიტაცია და წარსული „ტკივილის გაყუჩებაში“ დახმარება, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ.
          მე მესმის საზოგადოების ,რადგან მეც მისი ნაწილი ვარ და  ხშირად განმიკითხავს მოძალადე მაგ: ის ვინც აუპატიურებს, კლავს, იტაცებს, აშინებს, გამუდმებით ურტყამს, ატერორებს მასზე სუსტს და ეს გასაგებიცაა, რადგან ის მოძალადეა ხოლო ჩვენ საზოგადოება მისი „მსაჯულნი“. მაგრამ ყველა მათგანი ხომ მოძალადედ არ გაჩენილა? ჩემი აზრით, ეს არის ადამიანში  გარემო ფაქტორების ანარეკლი, არასწორ ემოციურ გარემოში აღზრდის შედეგია, რომელიც სავარაუდოდ  ისევდაისევ სავსეა ძალადობითა და სისასტიკით (დაწყებული ძალადობის შემცველი ფილმების ყურებით,აგრესიულ კომპიუტერულ თამაშებზე მიჯაჭვულობით თუ უშუალოდ ოჯახში მომხდარი სხვადასხვა ძალადობის ფაქტებით...)

საქართველოს , ადამიანობას ტკივა...


  ნეტავ იცოდეთ რამდენი ხანი ვუძებნე სათქმელს ფორმა...
  დაწერა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ეს ის შემთხევევაა როცა არავინ უნდა გაჩუმდეს. არავინ უნდა გაჩუმდეს რადგან შელახული და უგულვებელყოფილია  უზენაესი ღირებულება- ადამიანი,თავისი ღირსებით,ღირებულებითა და უნიკალობით,განურჩევლად კანის ფერისა, სქესისა,ეროვნებისა,ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა,პოლიტიკური მრწამსისა ან სხვა განმასხვავებელი ფიზიოლოგიური,საზოგადოებრივი სტატუსის თუ შინაგანი ადამიანური ბუნების  გამო,სწორედ იმითი რითიც ადამიანი ღირებული  და უნიკალური არსებაა.
   ნათლად თვალხილული დემონოკრატია და არა დემოკრატია,სისტემისგან ნაწამები ხალხი რომელიც განსაკუთრებულ  „პოზიტიურ“ზრუნვასა და მოპყრობას საჭიროებს,ჯერ დაბნეული,გაოგნებული,  ღირსებაშელახული და შემდგომ თვალახელილი საზოგადოების აღშფოთება და გულწრფელი პროტესტი,პოლარიზებულ-პოლიტიზირებულ-ნეგატიურ კონტექსტებზე მონადირე  მეოთხე ხელისუფლება,ერთ მხარეს ეკლესია  და აღშფოთებული საზოგადოება მეორე მხარეს ეკლესია და  ჩემი აზრით, პანიკაში მყოფი სისტემა,სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახი  და ამ ჩანასახის წარმოქმნაში თავისუფალი,დამოუკიდებელი სტუდენტობის ლომის წვლილი...
    დღეს ბევრი აქტიური გაპასიურდა და პასიური გააქტიურდა,თუმცა მაინც აქტიურობის ზენიტია.
   უსასრულოდ ბევრი  წვრილი მხარე,ბევრი აზრი,ბევრი იდეა,ბევრი ლოკალური და რამდენიმე  საქართველოს მასშტაბით გლობალური კონფლიქტური პოზიცია,სხვადასხვა მოტივაცია,სხვადასხვა ბრძოლის გზები რაც მიზანს,საბოლოო შედეგის მიღწევას და კონკრეტულ ამოცანებსაც კი ართულებს...თუმცა ამ სირთულეების  ფონზე მთავარია ის, რომ საზოგადოებამ ხმა ამოიღო და ამოიღო ისე, რომ არ გაჩერდება სანამ მიზანს არ მიაღწევს. მიმაჩნია, რომ დღეს, ჩვენი ყველას სამოქალაქო ღირსება და თავისუფლება მართლაც ღირსეული და თავისუფალია.