Thursday, October 24, 2013

"უგსაშპოლშინ" და არჩევნები 2013

                                                                                                             
        "უმწეობა ჩვენი არსობისა,
          უმწეობა უპირველეს ყოვლისა,
          უმწეობა მოგვცეს ჩვენ დღეს!"

ზოგადად, თუკი რამეს დავუინტერესებივარ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სოციალური პოლიტიკის საკითხები იყო. მითუმეტეს, ჩემი მომავალი პროფესია(სოციალური მუშაობა) პირდაპირ ებმის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს, მაგრამ ამ კვლევა-ჩხრეკა-ძიებაში გაუმართავი კანონმდებლობის, "ინფორმაციისგან დაცლილი ვებ-გვერდების", სწრაფადცვლადი მინისტრების, ფიქტიურ პრიორიტეტებად აღიარებული სოციალური საკითხების, უაზრო ბიუროკრატიითა და "ურესურსობით", "უსერვისობით" გატანჯული ხალხის მეტი არა მინახავს რა.
მე, რომ სოციალური სფეროს პრობლემებზე გავაგრძელო ლაპარაკი, ამჟამად ეს არამომგებიანია :) უფრო მომგებიანი ქართულ პოლიტიკაზე "მსჯელობაა"( მსაჯულნიც  უხვად გვყავს ქვეყანაში, თითქმის 3 მილიონი- ბავშვების გარდა, თუმცა ფაქტებით დასტურდება, რომ მათ სივრცეშიც შეაღწია "ბიძინა-მიშას ვირუსმა"), რომელმაც ხალხი დაივიწყა და დემოკრატიის აკვნის ნაცვლად, გაურკვეველი აკვანი დაარწია.
 ასეა თუ ისე, 3 დღეში "ჩვენი" პრეზიდენტის არჩევნებია.
 ყველას თვალები საარჩევნო უბნებზეა მიმართული და ყველა შედეგებს ელის.
 რა უნდა ვთქვა ახალი, ისიც წინასწარ სამი დღით ადრე? რათქმაუნდა, ვერაფერი. უბრალოდ თავს უფლებას ვაძლევ ჩემი შინაგანი მოუსვენრობის ამბები, აქ ჩემს სუბიექტურ სივრცეში, გულწრფელად გაგიზიაროთ.

Wednesday, October 23, 2013

პრობლემასთან ბრძოლა, ადამიანთან ბრძოლის ნაცვლად!


XXI საუკუნეა, ინდივიდებისა და ინდივიდუალიზმის საუკუნე.
 წესით კაცობრიობამ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, სირთულეებთან  საბრძოლველად უნდა გამოიყენოის, მაგრამ ამის  სანაცვლოდ ჩვენ ერთმანეთთან - ადამიანებთან,  ბრძოლა დავიწყეთ.            
ოსკარ უაილდი: იყავი ის ვინც ხარ!
"პიროვნებები მოვნათლეთ სირთულედ."
ადამიანთა სოციალური როლებისა და ცხოვრებისადმი შეხედულებებიდან ბევრი მოძველდა, მათ შორის ის უპირველესად, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია ან მხოლოდ ქალი, ან მხოლოდ მონარქი ან მხოლოდ პრეზიდენტი, ან მხოლოდ დიასახლისი ან მხოლოდ "საქმიანი ქალი", ან მხოლოდ "ნარკომანი" ან მხოლოდ "შიდსით ინფიცირებული" და ა.შ დაუსრულებლად, თუმცა სოციუმის გამრავალფეროვნების კვალდაკვალ, წინ წამოვიდა ისეთი სოციალური პრობლემები , სადაც  უნივერსალურ ღირებულებებს ფეხის მოკიდება უჭირს, ხოლო პიროვნებათშორის ურთიერთობებში  სტიგმამ და სტერეოტიპებმა არაჯანსაღი ფონი შექმნეს.  ადამიანს თავისი პიროვნული ბუნების, სოციალური კაპიტალისა თუ მენტალური შესაძლებლობებისდა მიუხედავად,  ან მხოლოდ ცოლის, ან მხოლოდ პრეზიდენტის, ან მხოლოდ "შიდსით ინფიცირებულის", ან მხოლოდ "ნარკომანის" იარლიყი მიეკერება, ან პირიქით...
 ცადეთ ადამიანისთვის ფიზიკური ფორმის შეცვლა, ან მისი ქცევის ფორმირება  და ადვილად გამოგივათ. მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ფიზიკური ფორმის, ქცევისა და გამოხატული განწყობების,  მენტალურ დონეზე ცვლილებაა, რაც აუცილებლად იძლევა გრძელვადიან, პოზიტიურ შედეგებს.
სტიგმა და სტერეოტოპები ვახსენეთ და  იმის აღნიშვნა დაგვავაიწყდა, რომ სწორედ ეს მანკიერი პრაქტიკაა თანამედროვე მსოფლიოს, როგორც პიროვნებათა ისე  ჯგუფების  გამოწვევა და მათ იმდენად მრავალფეროვანი ხასიათი მიიღეს, რომ გზის გაკვალვა, სწორი დამოკიდებულებებისა და შეხედულებების ფორმირება  ყველაზე რთულ საქმედ იქცა.  ხშირია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა და  კანონმდებლობაც კი  ვერ გამოდის საზოგადოებრივი სტიგმისა და სტერეოტიპების ტყვეობიდან და ამათუიმ სოციალური ჯგუფებისადმი გატარებულ რეპრესიულ პოლიტიკას "უმრავლესობის ინტერესებით","უალტერნატივო გადაწყვეტილების" ან "სახელმწიფო ინტერესებით"  ამართლებს.  რეალურად  ეს მიზეზები ნიღაბია, ან ნიღბები, რომლის უკანაც სუსტად განვითარებული სტრუქტურა, არაპროფესიონალიზმი ან უბრალოდ, პოლიტიკური ნების არქონა იმალება.
ალბათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი მიზეზია, იმ  კონკრეტული პრობლემების  ხელშემწყობი რაც წამალდამოკიდებულ ადამიანებს აწუხებთ დღეს საქართველოში.

Friday, September 27, 2013

"გრძელი ნათელი დღეები" გრძელი შავ-ბნელი დღეების სახსოვრად

იარაღით აღარავინ დაგვდევს, აღარც პურის რიგში ვდგავართ და აღარც "სრულ განუკითხაობასა" და "საზოგადოების უგრძნობელობასთან" გვაქვს საქმე (ეს უკანასკნელი საკამათო თემაა, მაგრამ იმ დოზით, რა დოზითაც ეს 80-იანების ბოლოსა და 90 იანებში ხდებოდა საბედნიეროდ, აღარ ხდება), მაგრამ ბევრი პრობლემა, რომელიც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის "გრძელ ნათელ დღეებში" ვნახეთ, ნაკლებად გააზრებული, არამკვდარი და დღესაც აქტუალურია.
 ფილმი წარსულის "რეაბილიტირებაა" ხელოვნებაში (არვიცი ასეთი სიტყვათშეთანხმება თუ არსებობს მაგრამ მაინც) , მცდელობაა "საშინელი დროის" საშინელების სრული სიცხადით წარმოჩენისა. მცდელობა, რომელიც ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა. "გრძელი ნათელი დღეები" იარებს ხსნის, გაცოდებს, გაფიქრებს, გაჯერებს, ცხადია, მაგრამ მაინც მოითხოვს ინტერპრეტაციას, "გადახარშვას".



ფოლკნერი ამბობდა, რომ ადამიანის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ის რომ მან არ იცის როგორია მისი ნამდვილი მდგომარეობა.
ადამიანობისთვის აუტანელი ყოფიერებისგან, ტანჯვისგან, მკვლელობებისგან, ძალადობისგან, სიდუხჭირისგან, პოლიტიკური წყობისგან  "გახევებული ქართველობა" და მათ შორის 14 წლის მოზარდი ეკა, და ცხოვრების მსხვერპლად ქცეული ნათია, 20 იოდე წლის წინანდელი საქართველოდან,  სწორედ რომ "კრებითი ტრაგედიაა".

 გრძელი ნათელი დღეები, მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ჩანაფიქრი, ტანჯვა, ძალადობა, 1990იანები საქართველოში, მეგობრობა, in bloom, film, documentary film, violence, 1990s in georgia, friendship

ზეიმი შეგუებისა, თავისუფლების აღქმისა, განსხვავებულობისა, სიმტკიცისა, მეგობრობისა, ერთგულებისა, სიყვარულისა და "სიმართლესთან შეხვედრისა".. ეკა ფიქრობს და ის ნამდვილად არ იქნება ტიპიური "მოზარდის (ქალთა) სახე", ის უბრალოდ იქნება ეკა, რომელსაც ფიქრი, განცდა, გრძნობა და აზროვნება შეუძლია. ნათია კი უბრალოდ მორიგი მსხვერპლია, მდგომარეობათა და წინაპირობათა მსხვერპლი.
ფილმი კარგი ისტორიის გაკვეთილიცაა და უბრალოდ მხატვრული კინო შედევრიც, მხატვრული ნაწარმი დოკუმენტური ჩანაფიქრით,რომლის არნახვა ნამდვილად უნდა ისჯებოდეს კარცერი ლუქსით :)

 გრძელი ნათელი დღეები, მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ჩანაფიქრი, ტანჯვა, ძალადობა, 1990იანები საქართველოში, მეგობრობა, in bloom, film, documentary film, violence, 1990s in georgia, friendship



Thursday, August 1, 2013

ძალა სახელად "ევროკავშირი"

გიორგი მშვენიერაძე
12 ივლისს, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტში“ გიორგი თაბაგარის მიერ გამართული ლექცია „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას: დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“ ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საათნახევარი სწორედ ამ „28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებაზე ვსაუბრობდით, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის“, უმრავლესობა მაინც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ჩვენ შორის ახლად წარმოქმნილ „ სამეზობლო პოლიტიკის“ საკითხებსა და „ევროკავშირის“, როგორც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის „უმთავრესი დარაჯის“ როლზე ვფიქრობდით. ალბათ, ჩვეული ოპტიმიზმი, რომ ჩვენ გავწევრიანდებით ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და თავის მხრივ სწორედ ეს სტრუქტურები (მათ შორის ევროკავშირიც) დაგვეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში – დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნი, დიადი ამოცანა და „დიდ ძალისხმევა გასაწევი“ სამუშაოა.
ლექტორის თქმისა არიყოს, „ევროკავშირი“, როგორც სტრუქტურა და ზოგადად გაერთიანება არცისე მარტივად აღსაქმელია. მეტიც, საკმაოდ რთულია გაერკვე ამ კავშირის საკანონმდებლო პროცედურებში, ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში, პოლიტიკასა და უფლებამოსილებებში, რომლებიც მან 1951 წლიდან (ევროკავშირის დაარსების წელი) მოყოლებული შექმნა, განავითარა და იმდენად სრულყო, რომ ყოველივე ამის წყალობით სამართლიანად დაიმკვიდრა მძლავრი, ავტორიტეტული, სუპერნაციონალური და სამთავრობოთაშორისი გაერთიანების სახელი. ლექცისას გამოიყო სფეროები, რომლებშიც „ევროკავშირი“ განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევს, ესენია: საგარეო ვაჭრობა- რომელიც უკვე მისი ექსკლუზიური კომპეტენციაა, განვითარების პროგრამები, გაფართოება, სამეზობლო პოლიტიკა, ჰუმანიტარული დახმარება . ასევე ხაზი გაესვა გამოწვევებსაც, რომლებიც დღეს გაერთიანების წინაშე დგას: მზარდი ეკონომიკები, არაბული გაზაფხული, ეკონომიკური კრიზისი და განსხვავებები წევრი ქვეყნების მიდგომებში.

კულტურათშორისი კომუნიკაცია

ყველა ვთანხმდებით, რომ კულტურები მრავალფეროვანია, მრავალფეროვნება კი თავისთავში მეტად სუბიექტურ და ნაკლებად  ობიექტურ ინტერპრეტაციებს მოიაზრებს. სწორედ მრავალფეროვნების ასეთი ბუნება ართულებს საკითხს, თუმცა ამასთანავე უდავოდ საინტერესოს ხდის კულტურას, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე საინტერესოსაც კი, რაც კაცობრიობას და მის თითოეულ წევრს ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში შეუქმნია.
სწორედ ზოგადი ჰეტეროგენულობა, განსხვავებული ვიზუალი, თავად აზრი, აზროვნების პროცესი და მისი გამოხატვის ფორმები, ინდივიდის ფორმირების ხელშემწყობი გარემო, ისეთი მყარი პიროვნული კონსტრუქტები, როგორებიცაა: ენა, კანის ფერი, სქესი, ეროვნება, რელიგიური მიკუთვნება, პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი ორიენტაცია და კიდევ თითოეული ინდივიდისთვის დამატებით კიდევ უამრავი ინდივიდუალური ფაქტორი, როგორც ჯგუფური კულტურული, ასევე შინაგანი კულტურის მიკუთვნებულობის საკითხებია. მოდი და მოვახდინოთ  მსოფლიოში არსებული ყველა კულტურის კლასიფიკაცია, სწორად განვსაჯოთ როგორ უნდა მოვიქცეთ განსხავებული კულტურის მატარებელ ადამიანებთან ურთიერთობისას, დავფიქრდეთ რა უნდა დავთმოთ და რა არა, შეგვიძლია კი  მშვიდი, პროდუქტიული და „ჩვეულებრივი“ თანაცხოვრება  ჩვენგან „განსხვავებულთან“? დავფიქრებულვართ იმაზე, რომ სწორედ კულტურული ნიშნით გაგვიყვია ჩვენს გარშემო არსებული სოციალური ჯგუფები „ჩვენ“ და „ისინი“ კატეგორიად, მაშინ როდესაც  მე და შენ უბრალოდ „მე“ ვართ, არც „ჩვენ“ და არც „ისინი“?
დამეთანხმებით, რომ რთულია.

აქტივიზმი

შეიძლება თავად  ლიბერალიზმი, როგორც იდეოლოგია – მიმზიდველი  და ძალზედ პიროვნული იმ ადამიანებისთვისაა, ვისთვისაც შინაგანი თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და ა.შ პიროვნული იდენტობის განსაზღვრის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია, მაგრამ ერთის თქმა უდავოდ შეიძლება, ეს იდეოლოგია იდეოლოგიაზე მეტია, უფრო ერთი დიდი ღირებულებითი ორიენტაციის ნაკრებია, სადაც ნებისმიერი  იდენტობის, პიროვნული თვისებების, პოლიტიკური, რელიგიური თუ  ფილოსოფიურ-იდეოლოგიური მრწამსის ადამიანი იპოვის თავისთვის რაღაც მნიშვნელოვანს, რაზეც აუცილებლად დაფიქრდება და დაფიქრდება იმგვარად, რომ შესაძლოა მხოლოდ ამ ღირებულებაზე ფიქრმა სხვა ღირებულებების გადაფასებამდე და ზოგადად აზროვნების პროცესების მანამდე არნახულ გააქტიურებამდე მიიყვანოს.
თუმცა ამ წინადადებით არც ახალი ამერიკა აღმომიჩენია და არც ლიბერალური ღირებულებებისთვის შემიმატია რაიმე, საერთოდ ჩვენ საუკუნეში ხომ რაიმე ახლის თქმა განსაკუთრებით რთულია, მაგრამ აზრის დინამიური ბმა რომ გამოვიდეს აღნიშნული ფიქრების კვალდაკვალ სწორედ ხელახალი ფიქრი, ლიბერალური ღირებულებიდან ამოსული სამოქალაქო აქტივიზმი, რომელიც საზოგადოების ყოველი წევრის პირად თავისუფლებასა და პირად პასუხისმგებლობას ემყარება და ახორციელებს ხელისუფლების დემოკრატიულ კონტროლს, აქტიური ქმედებების ის კატეგორიაა, რომლის ნაკლებობასაც დღეს ალბათ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც მწვავედ განიცდის.
22 ივნისის ლექციაც, როგორც ყოველთვის საინტერესო და განსხვავებული იყო, ისევდაისევ მორიგ ლიბერალურ თუ არალიბერალურ ღირებულებებზე, კიდევ ერთი საინტერესო ლექტორის შოთა ხინჩაგაშვილის მოხსენებით „სტატიზმზე, ნაციონალიზმსა და სამოქალაქო აქტივიზმზე“, თავისუფალი აზრის მაქსიმალური გამოხატვის ფონზე და იმდენად გახსნილ სიტუაციაში, რომ თავისთავად ორმხრივი კომუნიკაციური პროცესი, ალბათ ბევრად საინტერესო და კომფორტული აღმოჩნდა დამსწრე სტუდენტებისთვის.
შოთა ხინჩაგაშვილის ლექცია

ყოველი ლექცია რაღაც ახლის აღმოჩენას, ყურადღების ფოკუსის დავიწროვებას ან გაფართოებას, შეფასებასა თუ დაფიქრებას ემსახურება ხოლმე თავისდაუნებურად, ხოლო აღნიშნულ ლექციაზე დინამიურად და ცხადად გვიმტკიცდებოდა მოსაზრება სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ, სახელმწიფო ძალაუფლების გააზრების შესახებ, სად არის ძალაუფლების ცენტრი, როგორია რელიგიის (დომინანტი, სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებული მართლმადიდებლობის და სხვა რელიგიური კონფესიების ძალაუფლებრივი მდგომარეობა) , მეხსიერებისა(წარსულის ოფიციალური ნარატივების არსებობა, მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება სახელმწიფოს მიერ და განსაკუთრებული მაგალითები  უახლესი და მთლიანად ბოლო 200 წლის ისტორიიდან) და სექსუალური/გენდერის(დომინანტური ჯგუფები და მათ მიერ ჩამოყალიბებული ნორმებით მარგინალიზებული ჯგუფები გენდერისა და სექსუალური იდენტობის ნიადაგზე) პოლიტიკა ნაციონალურ დისკურსში,(ლექტორის მიერ არჩეული, მოხსენების კონკრეტული მიმართულება)  ასევე გამოიყო სამოქალაქო აქტივიზმის ორი პრობლემური მიმართულება:
  1. რომ არ არის აღიარებული თვითგანათლების სტრატეგია – მაგალითად ქუჩაში გამოსული ადამიანების უმრავლესობა, არ არის სრულად ინფორმირებული და შეთანხმებული იმ საკითხებზე რის გამოც დგას.
  2. და რომ არ აწარმოებენ ინფორმაციას, რომელიც იქნება დამუშავებული, გასაგები და ხელმისაწვდომი საზოგადოების წევრებისთვის.
ლექტორის მიერ მნიშვნელოვნად ხაზგასმული იყო ის, რომ ყოველი აღნიშნული საკითხი გააზრებულ უნდა იყოს სიღრმისეულად, რაც შეიძლება მაკრო დონეზე და მრავალმხრივი პერსპექტივიდან, რათა არ მივიღოთ ფაქტების მშრალი შეფასება და პრობლემების ზედაპირული ანალიზი. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ასპექტის განხილვისას უმნიშვნელოვანესია ვეძებოთ ძალაუფლების ცენტრები და აღმოვაჩენთ, რომ საზოგადოებისთვის სასურველი განვითარების კურსი, მისი მაქსიმალური თანამონაწილეობაა და რომ მასაც თავისი „პოლიტიკური წონა“ და ძალაუფლების  კონტროლის მექანიზმები უნდა ჰქონდეს.
ლექციის შემდეგ იბადება კითხვები:
მოგვსვლია კი აზრად ვყოფილიყავით სამოქალაქო აქტივისტები?
გვიფიქრია დაგვეცვა ჩვენი ლეგიტიმური უფლებები?
შოთა ხინჩაგაშვილი

თუკი ვყოფილვართ სამოქალაქო აქტივისტები, რამდენად ინფორმირებულნი და ბოლომდე ჩამოყალიბებული ვიყავით ჩვენ მიზნებთან დაკავშირებით?
ამ კითხვებზე პასუხი აუცილებლად მიგვიყვანს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყბადაღებულ თემამდე, რომლის მხოლოდ ჩანასახებზე საუბრობენ.  ფუნდამენტს რომ გამყარება და განვითარება უნდა ყველამ ვიცით და  ისიც ბევრჯერ გვინახავს როგორ ამოსულა მიტოვებულ საძირკველზე სარეველა ბალახი, ისე რომ მისი კვალიც გამქრალა…
შეგვიფასებია თუ არა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური საკითხები, სხვადასხვა წყაროებსა და პირველწყაროებზე დაუძნებით?
დავმსხდარვართ კი სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები იდეოლოგიურად დაპირისპირებულ სხვა ჯგუფებთან კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში, მანამ სანამ საქმე ქუჩის პროტესტამდე ანაც ძალადობრივ დაპირისპირებამდე მივიდოდა? (ვგულისხმობ ორმხრივ მზაობას)
ვიცით  ჩვენი ისტორია და დავფიქრებულვართ თუ არა რამდენად ვაძლევთ  მართვასა და კონტროლზე ორიენტირებულ ჯგუფებს, ჩვენი მეხსიერების გაყალბების უფლებას?
როგორ ნაწილდება ძალთა ბალანსი საზოგადოებაში?
სადა არის სოციო-პოლიტიკური პრობლემის პირველწყარო და როგორ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი?
პროგრესი აქტივიზმშია!

ჩანაწერი მომზადებულია "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრისთვის", რომელიც წარმოადგენს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტს"  

მამარდაშვილისეული "შინაგანი აქტი"


19 ივნისს, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ შეკრებილმა სტუდენტებმა, ლევან ბერძენიშვილის წყალობით  მერაბ მამარდაშვილი გავიცანით. გავიცანით რა, შეიძლება სულ მცირეოდენი გავიგეთ მის შესახებ. პიროვნების განვითარების კონცეფციის, მისეული ხედვის მხოლოდ ფუნდამენტებს შევეხეთ, მაგრამ ორსაათნახევრიანმა ლექციამ მაინც საკმაოდ საფიქრალი დამიტოვა მეც და ალბათ იქ დამსწრეთა უმრავლესობასაც.
იმდენად ბევრი საფიქრალი, რომ ახლა თეორიიის ფუნდამენტების მორგებას ხან XX და ხანაც  XXI საუკუნის ქართველ თუ არაქართველ ინდივიდებზე ვცდილობ და დარწმუნებული ვარ ლექციიდან გამოსვლისას, უდიდესი უმრავლესობა სწორედ ჩვენ თავზე მორგებას და მამარდაშვილისეული პიროვნების განვითარების ასპექტების გააზრებას, ნაირნაირი ფიქრებისა და შინაგანი ეჭვების წყალობით ვეპოტინებოდით.
ლექციის წარმატება, სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა:
  1. სალექციო თემა ეხებოდა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი (ვიღაცისთვის შეიძლება სულაც ერთადერთი) ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის „პიროვნების განვითარების კონცეფციას“, რომელსაც პირადად ჩემთვის ( და ჩემდა სამარცხვინოდაც) თავად მერაბ მამარდაშვილის პიროვნების გაცნობაც დაემატა.
  2. ლექტორი – ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ტონით, ტემბრით, გადმოცემული ინფორმაციით, იუმორით, ზოგადი ვერბალური თუ არავერბალური მანიშნებლების საშუალებით მოიტანა „მოსმენის განწყობა“ და რა თქმა უნდა, უმთავრესი (ვგონებ თავად მამარდაშვილისთვისაც უმთავრესი) – თუნდაც გაგვეგო სულ მცირე აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ გვეფიქრა ბევრი.
  3.  აუდიტორია –  „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ არსებობის მანძილზე ამ ლექციას ყველაზე ბევრი სტუმარი ჰყავდა

1 მაისის აქცია- ჯანსაღი პროტესტი თუ ორმხრივი უკულტურობა



14:30 – მზადება აქციისთვის.
უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ჯერ კიდევ სიწყნარეა, სტუდენტები თავისუფლად მოძრაობენ, ხოლო  აქციის ორგანიზატორები („ლაბორატორია 1918“-ის  წევრები)  ნელ-ნელა ემზადებიან მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის, რომელიც პირველ მაისს-მშრომელთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება. ლაიტმოტივი ღირსეული შრომის პირობებისა და დასაქმების უფლებებისათვის ბრძოლაა. თუმცა, მოგვიანებით ნაკლებად ახსოვთ მშრომელთა დღე და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოთხოვნების აფიშირება. სცენარი განსხვავებულად ვითარდება…  სულ სხვანაირი და მოულოდნელი შედეგებით. თუმცა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით…
15:05- აქციის დაწყება
აქცია საკმაოდ ენერგიულად დაიწყო,  მონაწილეებისთვის მხიარული და ამაღლებული განწყობით. რუპორთან ხუთამდე გამომსვლელი მივიდა, რომლებიც შეკრებილებს ღირსეული შრომის პირობებისა და დასაქმების უფლებებისათვის ბრძოლისკენ  მოუწოდებდნენ. ხაზს უსვამდნენ იმას,

ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ

ნიკა გვარამია,რუსთავი 2, თსუ,ტელევიაზია, nika gvaramia, rustavi 2, TSU, television
18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ესტუმრა. შეხვედრის მოწყობა მართლაც მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდებოდა – ტელეკომპანიამ გადაწყვიტა ჟურნალისტური სკოლების განვითარების ხელშესაწყობად , ხუთი უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს სტაჟირება გაატაროს.
ზოგადად ადამიანების კატეგორიებად დაყოფა არასწორია,  თუმცა დამეთანხმებით რომ არსებობენ ერთნი, მეორენი, მესამენი და ა.შ, რომელთაც პიროვნული მონაცემებით საერთო და ერთმანეთისგან განმასხვავებელიც ბევრი რამ გაგვაჩნია. ამავე პრინციპით არსებობს ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებსაც აქვთ ინტელექტი, ცოდნა, გამოცდილება,  კარგი „ლავირებისა“ და პუბლიკის მონუსხვის უნარი- სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება  ნიკა გვარამია.
მის მიერ გამოთქმული ყოველი მოსაზრების შემდგომ მიჩნდებოდა სურვილი შეწინაარმდეგებისა, ჩაკითხვისა მაგრამ მისი მხრიდან „ დახელოვნებულმა პასუხებმა“, რომელსაც თან ერთვოდა  ჩემი დილეტანტური ცოდნა  ზოგადად მედია საქმიანობისა, შედეგი გამოიღო და თავის შეკავება მაიძულა. რაც არ უნდა იყოს, ეს ადამიანი უდავოდ დიდი ინტელექტუალური რესურსია, რომელიც აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს თავისუფალ, დაბალანსებულ, სამართლიან, მაღალპროფესიონალურ, რეიტინგულ და ეთიკურ მედია საშუალებას -  როგორიც ბევრ ასპექტში „რუსთავი 2“ ნამდვილად არ არის.

Friday, May 17, 2013

ჩვენ სულ-გულიანები...( 17მაისი და ფობია - რომელიც გვეამაყება)




 
17 მაისი...

2013 წელი...

თბილისი...

ჰომოფობიასა (უსაფუძვლო შიში, განდგომა ან დისკრიმინაცია ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალისტთა მიმართ) და ტრანსფობიასთან (შიში/უარყოფითი  დამოკიდებულება ტრანსსექსუალების (როდესაც ადამიანების ბიოლოგიური        სქესი და გენდერული იდენტობა ერთმანეთს არ ემთხვევა) მიმართ) ბრძოლის საერთაშორისო დღე...


"შიშებთან ბრძოლის დღე", რომელიც ჩვენ ადამიანებთან ბრძოლის დღედ ვაქციეთ...

"უმრავლესობის უფლებების დაცვის" (პატრიარქის მოწოდებიდან)  სანაცვლოდ უმრავლესობის ძალაუფლების დემონსტრირება... 

ცემა, ძალადობა, ფსევდო ვაჟკაცობა, ფსევდო მართლმადიდებლობა/ქრისტიანობა, დოგმატებისა და ღვთის მცნებების რღვევა...

Thursday, April 11, 2013

ჩემი რემარკისეული "ჟამი სოცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა"

    მსოფლმხედველობა... რწმენა... თვალთახედვა... განცდა... მსხვერპლი... მშვიდობით მშვიდობავ!... "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა",   ისტორიის არა მხოლოდ  სისხლიანი, არამედ მწარე - "ტკივილით და ნაღვლით გაჟღენთილი ფურცლები"... და ასე უსასრულოდ, ისევ და ისევ, ომიდან ომამდე!
ერიხ მარია რემარკი
ტკივილი...აგონია... მექანიკური მექანიზმი "კვლისა" და წამებისა... "აბსურდი"... ტრაგედია... ძალადობა... სისხლი... მცირე/დიდთა ძალაუფლების დემონსტრირება... შეწირული სიცოცხლე... რაღაცის დასასრული და რაღაცის დასაწყისი...
   ძალიან ბევრი აზრი ტრიალებს თავში, როდესაც კარგ წიგნს კითხულობ, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე აზრები და მათთან დაკავშირებული ემოციებიც განსხვავებულია.  განსხვავებულზე განსხვავებულია, როდესაც გენიალური ავტორები წერენ ომზე -  ჰემინგუეი პირველი მსოფლიო ომზე, ხოლო რემარკი - მეორეზე. თამამად ვამბობ, რომ ამ ავტორებმა შეძლეს მკითხველის გულამდე  და გონებამდე, სმენისა და შეგრძნების ყველა ორგანომდე ( როცა გმირებს შიათ შენც გშია, როდესაც სრულიად უვარგის საჭმელს ჭამენ, ისე როგორც საუკეთესო დელიკატესს,შენც მათ ადგილზე ხარ და შეიგრძნობ რარიგ ტკბილია ის ლუკმა!)  მოეტანათ ომის სრული სურათი, სურათი საშინელი-საშინელებაზე.
   რემარკის " ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისას" მთავარი გმირი რიგითი ჯარისკაცი ერნსტ გრებერია, რომლისთვისაც ომის ქარცეცხლი შვებულებაში გასვლის შემდეგაც არ მთავრდება...  სწორედ ამ სამკვირიანი შვებულებისას ხვდება  ელიზაბეტს, რომელიც მას სრულიად ახალ გრძნობას, სიყვარულს გამოაცდევინებს ...ბოლოს ჯარისკაცი გრებერი იღუპება! თუმცა ყველა ეს წინადადება, ნაწარმოების მშრალი გადმოცემაა და მეტი არაფერი, თავად წიგნი კი სულაც არ არის მშრალი... თუკი ვინმე მკითხავს, რომელ მწერალს შეუძლია ადამიანის სულში ჩაგახედოსო  ვუპასუხებ დოსტოევსკისთქო, მაგრამ თუკი ვინმე მკითხავს ვის შეუძლია ჩაგახედოს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, პროგრესულად მოაზროვნე და გრძნობებით სავსე ჯარისკაცის სულშიო, უდავოდ ვეტყვი, რომ რემარკს.

Sunday, March 24, 2013

გ ო გ ი ტ ა! გო - გი - ტა! გოგიტა!


რა მოხდა მოკვდა? 


ტრაგედია უგმიროდო...


ყველა ბავშვი ყველას ბავშვია...


ბავშვები კვდებიან შიმშილითო...


სიცოცხლე უდრის ქულას?

...გოგიტასთვის ამას აზრი აქვს?
...როცა შიოდა მაშინ გვესმოდა მისი ტირილი?
...აუცილებლად უნდა დაღუპულიყო, რომ სხვა ბავშვების ტირილიც გაგვეგო?
...ან კი ეხლა გვესმის სხვა პატარების ტირილი?

Friday, March 22, 2013

ასე მოგვდის ლაზღანდარებს, პირველი გასაუბრებისას!



იფიქრე და იმოქმედე!

ორიოდე დღის წინ გასაუბრებაზე გახლდით იუსტიციის სამინისტროში, "სსიპ დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების განვითარების ცენტრის" მიერ გამოცხადებული უმცროსი სოციალური მუშაკის ვაკანსიის დასაკავებლად.
  გასაუბრება ვერ გავიარე...
  თუმცა, იცოცხლე გამოცდილებად ღირდა...
  იქნებ, ჩემი ბლოგის მკითხველებსაც გამოგადგეთ, ჩემი გმირობა-ვაჟკაცობის ამბავი:)თუარადა მე მაინც მექნება პირად ჩანაწერად, რომელსაც ყოველთვის გადავიკითხავ სანამ რაიმეს გადავწყვეტ.
 გასაუბრებაზე ბევრჯერ ვყოფილვარ და არც არასდროს დავბნეულვარ,მიუხედავად იმისა,რომ ზოგადი დაბნეულობა მახასიათებს, განსაკუთრებით როცა სომატური რეაქციები მიაქტიურდება და ჩემი ლოყები "თურაშაულის ვაშლს" ემსგავსება:დ...მაგრამ ამ შემთხვევაში
 სრულიად სხვაგვარად მოხდა, ალბათ იმიტომაცრომ საქმე არა რომელიმე პროექტს, არამედ პირველ სამსახურს ეხებოდა!

Monday, March 11, 2013

like- ომი, ანუ როგორ გავხდი "არაპატიოსანი" კონკურსანტი


   ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი გამოცდილება მივიღე ამ ორიოდე დღის წინ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. საქმე "მოწონებების" ე.წ "ლაიქების" ომში მონაწილეობას ეხება, რომელსაც ფართოდ "აწარმოებენ", როგორც ფეისბუქის მომხმარებელი სხვადასხვა ორგანიზაციები, ისე ერთი რომელიმე კონკურსის - ჩემსავით მონდომებული კონკურსანტები:)
  საერთოდ არაფორმალური განათლება მიყვარს, კონკურსები კი მეტ-ნაკლებად. ბავშვობიდან უიღბლო ვარ ამ სფეროში , მაგრამ გულს არ ვიტეხ:) ჩემი ძმა სულ დამცინის, რაც შენ სერთიფიკათები გაქვს, მაგრამ რათ გინდაო (პრიზებს არქონას გულისხმობს).  ჯერ იყო და 10 წლისამ სახვითი ხელოვნების კონკურსში პირველი ადგილი ავიღე (მაშინ რუსთავის სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი) და საზეიმოდ გადმომცეს CD ფლეიერი, რომელიც 2000-იანების დასაწყისში "მაგარ რამედ" ითვლებოდა. თქვენც არ მომიკვდეთ  ამ ფლეიერმა "ლექს-სენის სიმღერები"(მაშინ ესეც ჩემი მუსიკალური გემოვნების ნაწილი იყო:დ) ისე დაუკრა...ისე დაუკრაა... ბევრი არც  ვუწვალებივარ, და ამ  გამარჯვებით აჟიტირებულ ბავშვს თავიდანვე მაგრძნობინა, ისე ვარ გაფუჭებული, მარტო შენი პატარა ძმის დაშლა-აწყობის ფანტაზიების რეალიზებისთვის გამოვდგებიო :D(ბავშვობის ტრავმაცაა ეს ფაქტი მგონი:D) ასეც მოხდა იკამ დაშალა!  მაგრამ ეს იყო ძველად, როცა ჟიური ჟიურობდა (მართალია გაფუჭებულ პრიზებს არიგებდა მაგრამ მაინც :D ) და არ არსებობდა ფეისბუქი:)
  გავიდა ხანი...
  და შეიქმნა ფეისბუქი...

Thursday, March 7, 2013

"გასოციალურებული"მედია, პირველი თუ მეოთხე ხელისუფალი?


მედია, რომ  მეოთხე ხელისუფლების ტიტულს "სამაგალითოდ" ატარებს ამაზე  ერთხმად ვთანხმდებით. მართალია დღემდე დანარჩენი სამი ხელისუფლება (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) ან ცუდი იყო ანაც ცუდზე ცუდი, მაგრამ ამ სახელისუფლებო ფონის მიუხედავად, მედიას ნამდვილად აქვს შანსი იყოს კარგი. რა შეიძლება იყოს ამ სიკარგის მაჩვენებლი? თუ არა ნათლად გამოხატული  თავისუფალი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ანგარიშვალდებული საქმიანობა საკუთარი მომხმარებლის - საზოგადოების წინაშე. ქართული მედიის ავკარგიანობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, უწყვეტ რეჟიმში მიდის მსჯელობა, თუმცა მისი დამოუკიდებლობისა და დაუბალანსებლობის საკითხი კვლავ აქტუალური  რჩება.
ეს საკმაოდ რთული და ჩახლართული თემებია და  ჩემი მიზანიც არაა მათზე წერა, უბრალოდ მაქვს საკუთარი აზრი, მაგრამ არა კომპეტენცია . ჩემი "სამიზნე" უფრო ე.წ "გასოციალურებული" მედიაა, ანუ მედია რომელიც სოციალურად დაუცველი და სიღატაკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ყოფას აშუქებს. 
სოციალურად დაუცველებს, გაჭირვებამ  გასული კვირეების განმავლობაშიც აიძულა გააქტიურებულიყვნენ, მაგრამ რეაქცია არაერთგვაროვანი იყო - ზოგმა მიიღო დახმარება ,ზოგმა არა, ზოგს თანაუგრძნო ხალხმა და ხელისუფლებამ ზოგს არა. ესეც შერჩევითი გახდა, ისე როგორც სხვა ყველაფერი...

Wednesday, February 20, 2013

ჩვენთვის უბრალო ადამიანი

   დღეს ერთი ადამიანი გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან და მინდა მის შესახებ მოგიყვეთ ... შეიძლება მოსაყოლი ბევრი  არაფერია, მაგრამ მინდა თქვენც იცნობდეთ ნინა ბებოს.
   მახსოვს, რომ ეს თეთრთმიანი და ნაოჭებისგან სახედაღარული, ცისფერთვალა მოხუცი ყოველთვის მომღიმარი სახით, თბილად მელაპარაკებოდა და მიყვებოდა  გამოგონილ თუ ნამდვილ ისტორიებს.ისეთი შეგრძნება მაქვს დღემდე, რომ "თითისტოლა ბავშვს" (როგორც უფროსების უმრავლესობა ბავშვობაში გვეძახის) ისე მექცეოდა, როგორც პატივსაცემ უფროსს!
   ყველაზე საინტერესო, ჩემი და ნინა ბებოს შეხვედრის უცვლელი ადგილები იყო- წყარო ან წყაროსკენ მიმავალი გზა.საქმე იმაშია, რომ ნინა ბებოს ერთი ძალზედ უცნაური თვისება ჰქონდა: ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და სიცივეში, ყოველდღე, შებინდებამდე წყაროდან წყალი მოჰქონდა.ვერ გეტყვით სად მიჰქონდა , ზოგი ამბობდა უბრალოდ მიაქვს და შემდეგ აქცევსო, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ამ წყლის გამო  ყინვაში, შიშველი ფეხებით და "გადაჭრილი სპორტული ფეხსაცმლის" ამარა უამრავჯერ დამინახავს წყაროსკენ მიმავალ გზაზე...
   მაშინ ბავშვები დავცინოდით, რისიც დღეს ძალიან მრცხვენია!
   არ ვიცი რატომ ,მაგრამ მის გახსენებაზე რაღაცნაირად გული მეტკინა.:( არც ის ვიცი უბრალოდ წყარო უყვარდა მას თუ რაიმე ფსიქიკური დარღვევა ჰქონდა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მასავით უწყინარ და უჩვეულო ქცევის ადამიანებს უფრო მეტად შეუძლიათ თავი დაგვამახსოვრონ ვიდრე სხვა "არამათნაირებს".


Sunday, February 17, 2013

უფლებათა და შესაძლებლობათა გზაჯვარედინი

 თუკი  განათლების უფლებაზე და  ზოგადად მის  ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი, უცხოელი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ყოფაზე ვიწყებთ საუბარს,  ერთ დაშვებას გავაკეთებ : განათლების უფლება და მისი მიღების შესაძლებლობა თანაბრად უნდა იყოს მხარდაჭერილი, როგორც საზოგადოების ისე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ორივე მათგანი ამ უფლების სადარაჯოზე უნდა იდგეს, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფების მხარდასაჭერად, რომელნიც მოწყვლადნი არიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინაშე და დიდი ალბათობით, სწორედ ამ ჯგუფის სტუდენტებს აწუხებთ ყველაზე მეტად  არათანაბარი სასტარტო პირობები და  რესურსებით არასამართლიანი სარგებლობის პრობლემები.
   თქვენის ნებართვით, ჩემი სტატიის სამიზნე ჯგუფად ავირჩევ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს და უშუალოდ ჯგუფის პრობლემების მიმოხილვამდე, საინტერესოდ მივიჩნევ მცირედ თეორიულ ექსკურსს...
   განათლების უფლება, რომ საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის სოციალურ უფლებათაგანია -  მსოფლიო საზოგადოებებს კარგად მოეხსენება და ეს უფლება უპირობოდ აღიარებულია ქართული საზოგადოების მიერაც. ამასვე ადასტურებს თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში შეტანილი სპეციალური მუხლები თუ ცალკე არსებული კანონები, რომლებიც როგორც სახელმწიფო ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების საშუალებით, უზრუნველყოფენ განათლების უფლებას. საერთაშორისო პაქტით "ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ", "ევროპის ქარტიით", ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმით , ასევე "ბავშვთა უფლებების კონვენციით"  და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით, მათ შორის  საქართველოს კონსტიტუციითაც,   განათლების უფლება აღიარებულია (35-ე მუხ.)", როგორც  ნებისმიერი ადამიანის, კონკრეტული სახელმწიფოს-რიგითი მოქალაქის ფუნდამენტური და შეიძლება ითქვას სასიცოცხლოდ აუცილებელი უფლება.
  თუმცა ერთია აღიარება/უფლების მიცემა და მეორე  მოქალაქეთა მიერ ამ უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა. 
   ამ უფლებით სარგებლობის  საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაშიც, სადაც განათლება ოდითგან "ფასობს", არის საკმარისი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც საბედნიეროდ მუდმივად ესწრაფვის დასავლური საგანმანათლებლო მოდელის საქართველოში დამკვიდრების იდეას, (რაც თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა წარმოუდგენელ პირობებშიც კი შეძლო), მაგრამ სამწუხაროდ უამრავ ფაქტორთა გამო ეს დღემდე ვერ მოხერხებულა. 
    გვინდა არ გვინდა ამ სფეროს განვითარებაც, სწორედ ფინანსებისა და ქვეყნის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მობილიზებამდე მიდის. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების შეხედულებები და მოლოდინები, რომლებიც ამ მხრივ ზოგჯერ პროგრესს უწყობს ხელს და ზოგჯერაც რეგრესისკენ მიგვაქანებს.                                                                                                            აბიტურიენტობიდან მოყოლებული მიმტკიცდება მოსაზრება, რომ საქართველოში "გაქვს ფული, მაშასადამე მონდომების შემთხვევაში გექნება ხარისხიანი განათლებაც", არ გაქვს ფული მაშინ იტანჯე, იწვალე, იბრძოლე უსამართლობის წინაარმდეგ და ისე მოიპოვე შენი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება.(ბოლოს ხალხი შეგაქებს ნიჭიერი იყო, იწვალა და შეძლოო:))



   3 წელია რაც სტუდენტი ვარ, წელს  ამ სტატუსის მატარებელი ჩემი ძმაც გახდა და , მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი  არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია და არც არანაირ სოციალურ დახმარებას არ იღებს, ჩემ მშობლებს "თავგანწირვის" ფასად უჯდებათ ჩვენი განათლება. ზუსტად, რომ ვთქვათ ოჯახის წლიური შემოსავლის ნახევარზე მეტი ჩვენს სწავლაზე მიდის. სტატისტიკის დეპარტამენტის გათვლებით, ალბათ ჩემი ოჯახი ქვეყნის "საყრდენ- მამოძრავებელი ოჯახების" სისტემაში გაერთიანდება (საშუალო ფენის  ოჯახებში), მაგრამ თუკი ამავე "გენიოსური"  კლასიფიკაციიის სისტემას მივყვებით, (გული თუარ მოგვეწურება უკიდურესი ყოფის გაააზრებით) და თამამად დავსვამთ კითხვებს თუ როგორ არსებობენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, აღარაფერს ვიტყვი "ქრონიკულ სიღარიბეში" მყოფ ოჯახებზე, ასევე კითხვებს ვინ, როგორ და რა პრიორიტეტების გათვალისწინებით ზრუნავს მათ შვილებზე, პასუხის დიდხანს და ბევრ ინსტანციაში ძიება მოგვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების სამთავრობო პროგრამებში, გაჩნდა სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფინანსური დახმარების მუხლები, ჩემი ძალზედ სუბიექტური მოსაზრებით, გათვლა  მხოლოდ "პოლიტიკური პიარია" და რაღაც "მაიძულებელი მოვალეობის გრძნობისმაგვარი". გასაგებია რესურსი მცირეა, პოტენციური ბენეფიციარი ბევრი - მაგრამ  ეს პასუხი არაა.
   თუკი გადავხედავთ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, უმუშევრობის დონეს, ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების რესურსს, საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების დონესა და საფასურის მაჩვენებლებს-საგულისხმო დასკვნების გამოტანა შეიძლება. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის  არათუ უმაღლესი განათლების, არამედ ჯერ სკოლამდელი და შემდგომ სასკოლო განათლების მიღებაც კი გართულებულ პირობებში მიმდინარეობს. ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ...უმეტესობა ჩვენგანს ან მეზობლად ანაც სანათესაოში, გვყავს ოჯახი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს არჩევანის გაკეთება:არსებული მიზერული შემოსავლით,  ბაზისური მოთხოვნილებები (მაგ: საკვები,სამოსი...) დაიკმაყოფილოს თუ ეს თანხა შვილის საგანმანათლებლო საჭიროებებზე დახარჯოს .ხშირად არჩევანი პირველის სასარგებლოდაა - ამაზე სახელმწიფოც და საზოგადოებაც დუმს, თითქოს ცოტა ხნით ადრე  განათლება ყველა ბავშვის უპირობო უფლებად არ გვეღიარებინოს.
  საინტერესო და მნიშვნელოვანი, შეიძლება უპრეცედენტო კვლევაც კი ვუწოდოთ  ორგანიზაცია ESN Tbilisi ISU- ის მიერ მომზადებულ კვლევას, რომელიც პროექტ "Education is your right"-ის ფარგლებში მომზადდა. პრინციპში ემპირიულად დადასტურდა ის,რაც პრაქტიკაშიც კარგად ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგების თანახმად ამ სოციალურ ჯგუფს დისკრიმინაციის პრობლემები არ აქვს, მაინც მგონია, რომ არანაკლებ საგულისხმო იქნებოდა ე.წ "ტესტი სიბრალულზე", რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ჯერაც ნაცნობია და ამის შენიღბვა ვისწავლეთ უბრალოდ. რათქმაუნდა, უნდა გავმიჯნოთ ცნებები დისკრიმინაცია და "სიბრალული", თუმცა ადამიანთა ჯგუფებისთვის სიბრალულიც არანაკლებ მტკივნეულად შეიძლება განიცდებოდეს, როგორც დისკრიმინაცია .(მაგალითისთვის ფიზიკური ძალადობა და უგულებელყოფა - განსხვავებული ფორმებია სიმძიმით, თუმცა შედეგი ორივე შემთხვევაში საზიანო და მტკივნეულია).
 ჩემთვის სრულფასოვანი განათლება არის როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების სფერო, რომელიც ოჯახისგან გარკვეული დოზით ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს. საინტერესოა, რამდენად ღებულობენ მონაწილეობას სოციალურად დაუცველი სტუდენტები, სწორედ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში? ყოველ შემთხვევაში ფინანსების ქონა-არქონა, რომ არათანაბარ სასტარტო პირობებში გვაყენებს მგონი სადავო არ უნდა იყოს.
    სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის და მათი სტუდენტების ციფრობრივ/რიცხვობრივ მონაცემებს შორის, "უნკალური" და "მწარე" ისტორიები იმალება, რომლებზეც საზოგადოება ჯერ კიდევ არასწორად რეაგირებს. რათქმაუნდა "სიბრალული" თავისთავად თანაგრძნობის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ მხოლოდ ქმედითი ნაბიჯებია გამოსავალი. საზოგადოებას მწუხარებისას ქმედება ავიწყდება! ხოლო სულ მარტივად, რომ ვთქვათ ციფრობრივ/რიცხობრივი მონაცემების უგულვებელყოფაც, საფუძვლიან ჩრდილს აყენებს განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს საქართველოში.
   გამოსავალი ? განათლების უფლებისა და მისი მიღების შესაძლებლობათა თანხვედრა,გზაჯვარედინზე შეყრა, სადაც ეს ორი კომპონენტი განუხრელად, თანმიმდევრულად გადაკვეთს ერთმანეთს და ერთადვე განვითარდება.



                                                

     
  



Monday, February 11, 2013

ფილმი კომედია, ცხოვრება დრამა!

კარგ ფილმებს რა მოთვლის, მაგრამ "The Intouchables" ის ერთ-ერთ გამონაკლისია,
რომელსაც უპირობოდ  შედევრად  მივიჩნევ. ომარ საი-დრისის როლში ნამდვილი  აღმოჩენაა. 
მთავარი ის კი არ არის, რამდენმა კინოკრიტიკოსმა იმსჯელა  ან რამდენი ჯილდო          მოიპოვა ამ ფილმმა (არადა ეს ჩამონათვალიც არცისე უმნიშვნელოა) , არამედ  ის თუ რატომ არის ფილმი ის რაც არის. 
     ჩვენსა და კინოკრიტიკოსებს შორის განსხვავება სუბიექტურობის სხვადახვა  ხარისხია მხოლოდ.ჩემთვის ეს დრამაცაა და კომედიაც... უფრო დრამა, რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში უყურებ, როგორც კომედიას, მაგრამ ყოველთვის გემახსოვრება, როგორც დრამა და არა კომედია.

Trailer...

                                         



















Saturday, February 9, 2013

08.02.13 ფალიაშვილის 3, რუსთავი


  მთელი დღე, საჯარო ბიბლიოთეკის წინ მიმდინარე ამბებს  ვადევნებდი თვალყურს,  მოუსვენრობა და უარყოფითი ემოციები კი  ჩემს ეზოში მომხდარმა  საშინელმა ხანძარმა დააგვირგვინა.
 ჯერ კიდევ რა ხდება...
სულ ნამდვილად, რაც გარკვეულია ის არის, რომ ხანძარი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მძვინვარებდა, ხუთი ბინა საცხოვრებლად უვარგისია (დაახლოებით 50 ტონამდე  წყალი მაინც იქნა გამოყენებული), თუ მეტი არა და
 დაშავებულია 2 ადამიანი.

    თუმცა დავიწყებ შორიდან...
  აღნიშნულ ბინაში, უკვე წლებია,  ფსიქიკურად დაავადებული ქალბატონი ცხოვრობს. სავარაუდოდ არც მედიკამენტებს ღებულობს და არც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა,  მასზე მზრუნველიც უკვე წლებია არავინ ჩანს... აღნიშნული ქალბატონი, რომ განსაკუთრებულ მოვლასა და მეთვალყურეობას საჭიროებდა, ეს ეზოს მაცხოვრებლებმაც  დიდი ხანია იციან და შესაბამისმა სტრუქტურებმაც.
თუ არ ვცდები ჯერ კიდევ შარშან იყო,რომ ეს ქალბატონი ბასრი საგნით გაუსწორდა მის მეზობელ მოხუც კაცს, რის შესახებაც საპატრულო პოლიცია იქნა გაფრთხილებული და რამდენჯერმე საჩივარიც იყო დაწერილი რუსთავის მუნიციპალიტეტში... თუმცა უშედეგოდ...
    ....
   საღამოს 9-ის ნახევარი ან ცხრა იქნებოდა, როდესაც სახანძროს ხმა გავიგონე, მასვე მოჰყვა სასწრაფოც, სულ მალე კი მთელი ჩვენი ქუჩა შავ კვამლში იყო გახვეული.
 ხალხნო ამ ფაქტის შემხედვარე დარწმუნებული ვარ თქვენც იმავეს იფიქრებდით   "მეხანძრეებისგან სახელმწიფო გმირობაზე მეტს ითხოვს!".
   რუსთავში, ქალაქში  სადაც  138 ათას მოსახლეზე მეტი ცხოვრობს,  სახანძრო სამსახურს დაახლოებით ექვსჯერ გარემონტებული და  მოძველებული სამაშველო მანქანები ჰყავს, რამდენიმე მანქანას- მხოლოდ ერთი მძღოლი და მაშველებიც სრულიად დაუცველნი, ყველანაირი აღჭურვილობისა და დაუცველი ფილტვების ამარა ებრძვიან ამ უაღრესად საშიშ სტიქიას. ერთ-ერთი მეხანძრე,( სურათი სრული სიცხადით რომ წარმოგიდგინოთ) სამხედროს სამოსში გამოწყობილი, სულ მთლად დასველებული და დაუცველი სასუნთქი გზებით, ნახევარი საათი მაინც იყო ინტენსიურ კვამლში, რათა ცეცხლი მთლიან კორპუსს არ მოსდებოდა და იმ ოთხ ოჯახს, მთელი საცხოვრებელი კორპუსის გამწარებული ოჯახებიც არ მიმატებოდნენ. საბოლოოდ, 7-8 საათიანი წვალების შემდეგ ცეცხლი ჩააქრეს. ამ დრომდე  ნაგავს ეზიდებიან, რომლითაც მთელი სახლი იყო სავსე...
  ნეკროლოგივით ჩამოვარაკრაკე, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გამიჩნდა და ისე როგორც ნეკროლოგის ბოლო ვიცით ყველამ წინასწარ, რომ  "ვიღაცის გარდაიცვალებას გავიგებთ ", აქაც  წინასწარ ვიცი  პასუხი, რომელიც არცთუ ისე სასურველია...
 რა მოხდებოდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებობდეს გონივრული პოლიტიკა და მართლაც აინტერესებდეს სახელმწიფოს ამ ადამიანებზე ზრუნვა? მაშინ ჩემი მეზობელიც არ დაატრიალებდა ასეთ ტრაგედიას! რა მოხდებოდა, რომ  პოლიციასა და მუნიციპალიტეტს დროული რეაგირება მოეხდინათ სამეზობლოს მხარდასაჭერად? ხანძარს თავიდან ავირიდებდით! რა მოხდებოდა მეხანძრეებს, რომ ნორმალური ტექნიკა და აღჭურვილობა ჰქონოდათ? ტონობით ნაკლები წყალი დაიხარჯებოდა, ნაკლებად  ჩამოიქცეოდა სახლებიც  და ნაკლები ოჯახი დარჩებოდა უბინაო!
ამას ემატება სამეზობლოს განწყობაც, "ყველა გიჟი-გიჟია და საფრთხის შემცველი".ეს შეხედულება, ამ კონკრეტულმა ფაქტმა კიდევ უფრო განამტკიცა, მიდი და გაამტყუნე. თუმცა შეიძლებოდა დღეს სულ სხვანაირი დასასრული ჰქონოდა, იმ ქალბატონისთვისაც, სამეზობლოსთვისაც და "ზარალის ანაზღაურებაზე მზრუნველი" სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც:(

 p.s კიდევ ბევრი კითხვაა ქართულ სისტემასთან დაკავშირებით!




Monday, February 4, 2013

აწ გარდასული მეხუთე სემესტრი თსუ-ში


   3 დღე გავიდა რაც თესეუში გამოცდები დამიმთავრდა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ყოვლად და ყოველმხრივ საინტერესო მეხუთე სემესტრიც დავხურე. მემგონი 100 გრამი უკვე მოვიმატე:) და ჩემი კარგა ხნის წინ მოფიქრებული გეგმა-" განძარცვულ და გაძვალტყავებულ  ახალგაზრდობის პარკში " ( რუსთავსში არსებულ პარკზეა საუბარი) ვირბინო, მალე ფერ-ხორცს შეისხამს...:)
   ეს ისე...
   რათქმაუნდა, სემესტრი ნაირნაირი პრობლემებით დაიწყო.
   მარათონად ქცეული საგნების არჩევა, "სასურველი სასწავლო  კურსი-მოსწრებაზე" და ბოლოს (ჯანდაბას პრინციპით) სასურველ თუ არასასურველ სასწავლო კურსზე გამოთავისუფლებული ადგილის საათობრივ/კვარტალური ლოდინი. წანწალი მეოთხედან-მეექვსეში, მეექვსედან-პირველში, პირველიდან-მეხუთეში (უნივერსიტეტის კორპუსებზეა საუბარი) , მერე ისევ წრეზე და ა.შ...  ჩემთვის ეს პროცესი განსაკუთრებით მტანჯველი აღმოჩნდა და გაგიკვირდებათ, მაგრამ თითო-ოროლა კურცხალიც მივაყოლე, რასაც ჩემმა დაქალმა ვეღარ გაუძლო და ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ტუტორებს "ტკბილი" სიტყვა უთხრა :):):) ეხლა მეცინება თორემ მაშინ გენახეთ!
 დამავიწყდა მეთქვა: ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ გადასახადის ჩარიცხვა ვერ მოვასწარი, ერთი დღე დამაგვიანდა და შესაბამისად მარათონშიც გვიან ჩავები, აი დაახლოებით იმ დროს, ნახევრზე მეტი ფინიშს იქით რომაა და საპრიზო ადგილებიც დანაწილებულია :D

Friday, January 18, 2013

"american history x" ამერიკის საზღვრებს გარეთ...


        მიმაჩნია, რომ კინო  ერთ-ერთი იმ უდიდეს   შემოქმედებათაგანია,რომელმაც 1895 წლის 28დეკემბრის შემდგომ (როდესაც იშვა პირველი კინო), ძმები  ლუმიერებიდან მოყოლებული დღემდე, დიდი, ფასეული და სიახლეებით აღსავსე გზა გაიარა: აღმოაჩინა და გამოზარდა უამრავი ნიჭიერი მსახიობი, დახვეწა ტექნიკური საშუალებები იმდენად,რომ  ფილმებს, მანამდე წარმოუდგენელი "3D ტექნოლოგიით" ნებისმიერი მსურველი ვუყურებთ; გაიზარდა და გამრავალფეროვნდა ჟანრები, თუმცა მეორე მხრივ ყურადსაღებია კრიტიკოსთა ნაწილის აზრიც  იმის შესახებ, რომ ფილმების "ღირებულებაც" განსხვავებული გახდა. ამ ყოველივეს ერთადერთი ახსნა არა საკმარისი თუმცა მაინც, "კინო" ეს არ არის ცოცხალი და დროში ქმნადი  ადამიანის გონიერების ნაყოფი, რომელიც არასოდეს იქნება მხოლოდ "ინდუსტრია"...
   ჩემი ბლოგის მკითხველო:
 რათქმაუნდა არსებობს "American History X" -ზე უკეთესი ფილმები: უკეთესი სიუჟეტებით,  სპეცეფექტებით,  მსახიობებით, ჟანრობრივი დათვირთვით და ა.შ - თუმცა იმედია დამეთანხმებით, რომ რაიმეს "უკეთესად" აღქმა, მაინც  სუბიექტურია.
   "American History X"-ის სცენარი ამერიკული რასიზმის თემაზეა აგებული და  სრული სიცხადით თუ არა, ნათლად და გასაგებად მაინც  ასახავს  რასისტული ბუნებისა და  ადამიანის "დისკრიმინაციული წვრთნის" შედეგებს. ალბათ უმთავრესი რასთანაც ამ ფილმის ყურების შემდეგ მიხვალ არის ის, რომ მძლავრი იდეოლოგია, რომელიც იმდენად იპყრობს შენს გონებას, რომ "ყველაფერს არაფრად" გაჩვენებს და "არაფერს ყველაფრად", გაიძულებს გამორიცხო ინდივიდუალური განსხვავებები და იაზროვნო როგორც ამ იდეოლოგიის  ჭეშმარიტმა შვილმა - არის ის, რაც აუცილებლად, უპირობოდ  მოგწყვეტს ნამდვილ მეგობრობას...ნამდვილ სიყვარულს...ნამდვილ სიკეთეს... ნამდვილ ოჯახსა და სიცოცხლესაც კი... სწორედ ამდაგვარი იდეოლოგია აყალიბებს იმდაგვარ ღირებულებით ორიენტაციას, რაც სიტყვა "ღირებულის" მნიშვნელობას - სულს აცლის. არ აქვს მნიშვნელობა, ამას სკინჰედები ატარებენ შავკანიანების წინაარმდეგ ამერიკაში, თუ რომელიმე ჯგუფი რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ საქართველოში.
  ფილმის მთავარი გმირის დერეკის მსგავსად  ძალაუფლება, პატივი, სტატუსი, ძლიერი რწმენა იდეოლოგიისა, რომელიც ყოველგვარ წინააღმდეგობას გალახვინებს აღმოჩნდა, რომ  არაა მარადიული და უცვლელი. ამასთანავე  ეს ფილმი ამტკიცებს, რომ ცვლილება მტკივნეული თუმცა აუცილებელი პროცესია, თავისი დანაკარგებით და მოგებით.
  სათქმელი  გადმოსაცემად ბევრია, თუმცა გაქვთ შანსი მოკლედ თავად ფილმიდან გაიგოთ და გონებაში ნანახს  ნაირგვარი ინტერპრეტირება გაუკეთოთ. უბრალოდ აქ სიუჟეტიცა და თემატიკაც ერთნაირად საინტერესოა, რის გამოც ღირს ყურება.

Sunday, January 6, 2013

პირადი გუნება-განწყობილების აშლილობა



თქვენი არვიცი, მაგრამ სხვისას ვერ ვიტან  უარყოფით ემოციას რომ  გასცემსახლა კი ერთი სულის მოთქმით მინდა დავწერო და თავიდან მოვიშორო ეს "უხეირო" გუნება-განწყობილება, რათქმაუნდა თუკი დაწერა უშველის მაგ ამბავს:)

ჩემი ცუდი ხასიათის ...


კანონი #1: იშვიათად,თითქმის საერთოდ ვერ ვგებულობ საიდან იწყება,როდის და რატომ "დიდხნიანი გუნება-განწყობის გაუაზროება".(თითქოს მიზეზი არცისე "საპატიოა")
 კანონი #2: როცა ცუდი ხასიათი შემოპარვას იწყებს, ურჩევნია არავინ დამელაპარაკოს.
 კანონი #3: სამწუხაროდ, ჩემ უაზრო გუნება-განწყობილებას ვერავინ ხვდება ხოლმე (ზოგჯერ ის მართლაც ობიექტურ მიზეზს მოკლებულია),და დამერწმუნეთ თუკი უხეშად გპასუხობთ, მერე ამ უხეშობისთვის ორმაგად ვთხოვ საკუთარ თავს პასუხს.
 კანონი #4: ამ დროს ვერც იმას ვგებულობ ვინ ან რა მიშველის,არც იმედი მაქვს ხოლმე რომ რაიმე მიშველის, მაგრამ რატომღაც ისევ მე თვითონ გამომყავს თავი მდგომარეობიდან.
 კანონი #5: ამ ყველაფრის გაზრებისას 1000 იდეა ტრიალებს: საინტერესო, შეიძლება "მშველელიც" , მაგრამ ზოგადი გამოთქმა "ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავიაო" სწორედ  ჩემზეა ნათქვამი და ამ ათასი იდეიდან ის რამოდენიმე "მშველელი" მეკარგება ხოლმე.
. გიჟი არ ვარ, თუმცა რომ არ დამეწერა გავგიჟდებოდი. ჩემი ბლოგის მკითხველებო ცუდი ხასიათის გამკლავების თეორიული ტექნიკები ვიცი,მაგრამ რამე უფრო პრაქტიკული მჭირდება.
ვიცი პოსტი არცისე საინტერესოა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ დახმარებას გთხოვთ:(  იქნებ კიდე ვინმე ჩემნაირსაც ეხმარებით ამით:):):)