Saturday, February 9, 2013

08.02.13 ფალიაშვილის 3, რუსთავი


  მთელი დღე, საჯარო ბიბლიოთეკის წინ მიმდინარე ამბებს  ვადევნებდი თვალყურს,  მოუსვენრობა და უარყოფითი ემოციები კი  ჩემს ეზოში მომხდარმა  საშინელმა ხანძარმა დააგვირგვინა.
 ჯერ კიდევ რა ხდება...
სულ ნამდვილად, რაც გარკვეულია ის არის, რომ ხანძარი დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მძვინვარებდა, ხუთი ბინა საცხოვრებლად უვარგისია (დაახლოებით 50 ტონამდე  წყალი მაინც იქნა გამოყენებული), თუ მეტი არა და
 დაშავებულია 2 ადამიანი.

    თუმცა დავიწყებ შორიდან...
  აღნიშნულ ბინაში, უკვე წლებია,  ფსიქიკურად დაავადებული ქალბატონი ცხოვრობს. სავარაუდოდ არც მედიკამენტებს ღებულობს და არც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა,  მასზე მზრუნველიც უკვე წლებია არავინ ჩანს... აღნიშნული ქალბატონი, რომ განსაკუთრებულ მოვლასა და მეთვალყურეობას საჭიროებდა, ეს ეზოს მაცხოვრებლებმაც  დიდი ხანია იციან და შესაბამისმა სტრუქტურებმაც.
თუ არ ვცდები ჯერ კიდევ შარშან იყო,რომ ეს ქალბატონი ბასრი საგნით გაუსწორდა მის მეზობელ მოხუც კაცს, რის შესახებაც საპატრულო პოლიცია იქნა გაფრთხილებული და რამდენჯერმე საჩივარიც იყო დაწერილი რუსთავის მუნიციპალიტეტში... თუმცა უშედეგოდ...
    ....
   საღამოს 9-ის ნახევარი ან ცხრა იქნებოდა, როდესაც სახანძროს ხმა გავიგონე, მასვე მოჰყვა სასწრაფოც, სულ მალე კი მთელი ჩვენი ქუჩა შავ კვამლში იყო გახვეული.
 ხალხნო ამ ფაქტის შემხედვარე დარწმუნებული ვარ თქვენც იმავეს იფიქრებდით   "მეხანძრეებისგან სახელმწიფო გმირობაზე მეტს ითხოვს!".
   რუსთავში, ქალაქში  სადაც  138 ათას მოსახლეზე მეტი ცხოვრობს,  სახანძრო სამსახურს დაახლოებით ექვსჯერ გარემონტებული და  მოძველებული სამაშველო მანქანები ჰყავს, რამდენიმე მანქანას- მხოლოდ ერთი მძღოლი და მაშველებიც სრულიად დაუცველნი, ყველანაირი აღჭურვილობისა და დაუცველი ფილტვების ამარა ებრძვიან ამ უაღრესად საშიშ სტიქიას. ერთ-ერთი მეხანძრე,( სურათი სრული სიცხადით რომ წარმოგიდგინოთ) სამხედროს სამოსში გამოწყობილი, სულ მთლად დასველებული და დაუცველი სასუნთქი გზებით, ნახევარი საათი მაინც იყო ინტენსიურ კვამლში, რათა ცეცხლი მთლიან კორპუსს არ მოსდებოდა და იმ ოთხ ოჯახს, მთელი საცხოვრებელი კორპუსის გამწარებული ოჯახებიც არ მიმატებოდნენ. საბოლოოდ, 7-8 საათიანი წვალების შემდეგ ცეცხლი ჩააქრეს. ამ დრომდე  ნაგავს ეზიდებიან, რომლითაც მთელი სახლი იყო სავსე...
  ნეკროლოგივით ჩამოვარაკრაკე, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გამიჩნდა და ისე როგორც ნეკროლოგის ბოლო ვიცით ყველამ წინასწარ, რომ  "ვიღაცის გარდაიცვალებას გავიგებთ ", აქაც  წინასწარ ვიცი  პასუხი, რომელიც არცთუ ისე სასურველია...
 რა მოხდებოდა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებობდეს გონივრული პოლიტიკა და მართლაც აინტერესებდეს სახელმწიფოს ამ ადამიანებზე ზრუნვა? მაშინ ჩემი მეზობელიც არ დაატრიალებდა ასეთ ტრაგედიას! რა მოხდებოდა, რომ  პოლიციასა და მუნიციპალიტეტს დროული რეაგირება მოეხდინათ სამეზობლოს მხარდასაჭერად? ხანძარს თავიდან ავირიდებდით! რა მოხდებოდა მეხანძრეებს, რომ ნორმალური ტექნიკა და აღჭურვილობა ჰქონოდათ? ტონობით ნაკლები წყალი დაიხარჯებოდა, ნაკლებად  ჩამოიქცეოდა სახლებიც  და ნაკლები ოჯახი დარჩებოდა უბინაო!
ამას ემატება სამეზობლოს განწყობაც, "ყველა გიჟი-გიჟია და საფრთხის შემცველი".ეს შეხედულება, ამ კონკრეტულმა ფაქტმა კიდევ უფრო განამტკიცა, მიდი და გაამტყუნე. თუმცა შეიძლებოდა დღეს სულ სხვანაირი დასასრული ჰქონოდა, იმ ქალბატონისთვისაც, სამეზობლოსთვისაც და "ზარალის ანაზღაურებაზე მზრუნველი" სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც:(

 p.s კიდევ ბევრი კითხვაა ქართულ სისტემასთან დაკავშირებით!