Wednesday, February 20, 2013

ჩვენთვის უბრალო ადამიანი

   დღეს ერთი ადამიანი გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან და მინდა მის შესახებ მოგიყვეთ ... შეიძლება მოსაყოლი ბევრი  არაფერია, მაგრამ მინდა თქვენც იცნობდეთ ნინა ბებოს.
   მახსოვს, რომ ეს თეთრთმიანი და ნაოჭებისგან სახედაღარული, ცისფერთვალა მოხუცი ყოველთვის მომღიმარი სახით, თბილად მელაპარაკებოდა და მიყვებოდა  გამოგონილ თუ ნამდვილ ისტორიებს.ისეთი შეგრძნება მაქვს დღემდე, რომ "თითისტოლა ბავშვს" (როგორც უფროსების უმრავლესობა ბავშვობაში გვეძახის) ისე მექცეოდა, როგორც პატივსაცემ უფროსს!
   ყველაზე საინტერესო, ჩემი და ნინა ბებოს შეხვედრის უცვლელი ადგილები იყო- წყარო ან წყაროსკენ მიმავალი გზა.საქმე იმაშია, რომ ნინა ბებოს ერთი ძალზედ უცნაური თვისება ჰქონდა: ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და სიცივეში, ყოველდღე, შებინდებამდე წყაროდან წყალი მოჰქონდა.ვერ გეტყვით სად მიჰქონდა , ზოგი ამბობდა უბრალოდ მიაქვს და შემდეგ აქცევსო, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ამ წყლის გამო  ყინვაში, შიშველი ფეხებით და "გადაჭრილი სპორტული ფეხსაცმლის" ამარა უამრავჯერ დამინახავს წყაროსკენ მიმავალ გზაზე...
   მაშინ ბავშვები დავცინოდით, რისიც დღეს ძალიან მრცხვენია!
   არ ვიცი რატომ ,მაგრამ მის გახსენებაზე რაღაცნაირად გული მეტკინა.:( არც ის ვიცი უბრალოდ წყარო უყვარდა მას თუ რაიმე ფსიქიკური დარღვევა ჰქონდა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მასავით უწყინარ და უჩვეულო ქცევის ადამიანებს უფრო მეტად შეუძლიათ თავი დაგვამახსოვრონ ვიდრე სხვა "არამათნაირებს".