Sunday, February 17, 2013

უფლებათა და შესაძლებლობათა გზაჯვარედინი

 თუკი  განათლების უფლებაზე და  ზოგადად მის  ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი, უცხოელი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ყოფაზე ვიწყებთ საუბარს,  ერთ დაშვებას გავაკეთებ : განათლების უფლება და მისი მიღების შესაძლებლობა თანაბრად უნდა იყოს მხარდაჭერილი, როგორც საზოგადოების ისე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ორივე მათგანი ამ უფლების სადარაჯოზე უნდა იდგეს, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფების მხარდასაჭერად, რომელნიც მოწყვლადნი არიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინაშე და დიდი ალბათობით, სწორედ ამ ჯგუფის სტუდენტებს აწუხებთ ყველაზე მეტად  არათანაბარი სასტარტო პირობები და  რესურსებით არასამართლიანი სარგებლობის პრობლემები.
   თქვენის ნებართვით, ჩემი სტატიის სამიზნე ჯგუფად ავირჩევ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს და უშუალოდ ჯგუფის პრობლემების მიმოხილვამდე, საინტერესოდ მივიჩნევ მცირედ თეორიულ ექსკურსს...
   განათლების უფლება, რომ საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის სოციალურ უფლებათაგანია -  მსოფლიო საზოგადოებებს კარგად მოეხსენება და ეს უფლება უპირობოდ აღიარებულია ქართული საზოგადოების მიერაც. ამასვე ადასტურებს თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში შეტანილი სპეციალური მუხლები თუ ცალკე არსებული კანონები, რომლებიც როგორც სახელმწიფო ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების საშუალებით, უზრუნველყოფენ განათლების უფლებას. საერთაშორისო პაქტით "ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ", "ევროპის ქარტიით", ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმით , ასევე "ბავშვთა უფლებების კონვენციით"  და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით, მათ შორის  საქართველოს კონსტიტუციითაც,   განათლების უფლება აღიარებულია (35-ე მუხ.)", როგორც  ნებისმიერი ადამიანის, კონკრეტული სახელმწიფოს-რიგითი მოქალაქის ფუნდამენტური და შეიძლება ითქვას სასიცოცხლოდ აუცილებელი უფლება.
  თუმცა ერთია აღიარება/უფლების მიცემა და მეორე  მოქალაქეთა მიერ ამ უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა. 
   ამ უფლებით სარგებლობის  საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაშიც, სადაც განათლება ოდითგან "ფასობს", არის საკმარისი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც საბედნიეროდ მუდმივად ესწრაფვის დასავლური საგანმანათლებლო მოდელის საქართველოში დამკვიდრების იდეას, (რაც თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა წარმოუდგენელ პირობებშიც კი შეძლო), მაგრამ სამწუხაროდ უამრავ ფაქტორთა გამო ეს დღემდე ვერ მოხერხებულა. 
    გვინდა არ გვინდა ამ სფეროს განვითარებაც, სწორედ ფინანსებისა და ქვეყნის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მობილიზებამდე მიდის. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების შეხედულებები და მოლოდინები, რომლებიც ამ მხრივ ზოგჯერ პროგრესს უწყობს ხელს და ზოგჯერაც რეგრესისკენ მიგვაქანებს.                                                                                                            აბიტურიენტობიდან მოყოლებული მიმტკიცდება მოსაზრება, რომ საქართველოში "გაქვს ფული, მაშასადამე მონდომების შემთხვევაში გექნება ხარისხიანი განათლებაც", არ გაქვს ფული მაშინ იტანჯე, იწვალე, იბრძოლე უსამართლობის წინაარმდეგ და ისე მოიპოვე შენი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება.(ბოლოს ხალხი შეგაქებს ნიჭიერი იყო, იწვალა და შეძლოო:))



   3 წელია რაც სტუდენტი ვარ, წელს  ამ სტატუსის მატარებელი ჩემი ძმაც გახდა და , მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი  არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფია და არც არანაირ სოციალურ დახმარებას არ იღებს, ჩემ მშობლებს "თავგანწირვის" ფასად უჯდებათ ჩვენი განათლება. ზუსტად, რომ ვთქვათ ოჯახის წლიური შემოსავლის ნახევარზე მეტი ჩვენს სწავლაზე მიდის. სტატისტიკის დეპარტამენტის გათვლებით, ალბათ ჩემი ოჯახი ქვეყნის "საყრდენ- მამოძრავებელი ოჯახების" სისტემაში გაერთიანდება (საშუალო ფენის  ოჯახებში), მაგრამ თუკი ამავე "გენიოსური"  კლასიფიკაციიის სისტემას მივყვებით, (გული თუარ მოგვეწურება უკიდურესი ყოფის გაააზრებით) და თამამად დავსვამთ კითხვებს თუ როგორ არსებობენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები, აღარაფერს ვიტყვი "ქრონიკულ სიღარიბეში" მყოფ ოჯახებზე, ასევე კითხვებს ვინ, როგორ და რა პრიორიტეტების გათვალისწინებით ზრუნავს მათ შვილებზე, პასუხის დიდხანს და ბევრ ინსტანციაში ძიება მოგვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების სამთავრობო პროგრამებში, გაჩნდა სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფინანსური დახმარების მუხლები, ჩემი ძალზედ სუბიექტური მოსაზრებით, გათვლა  მხოლოდ "პოლიტიკური პიარია" და რაღაც "მაიძულებელი მოვალეობის გრძნობისმაგვარი". გასაგებია რესურსი მცირეა, პოტენციური ბენეფიციარი ბევრი - მაგრამ  ეს პასუხი არაა.
   თუკი გადავხედავთ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, უმუშევრობის დონეს, ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების რესურსს, საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების დონესა და საფასურის მაჩვენებლებს-საგულისხმო დასკვნების გამოტანა შეიძლება. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებისთვის  არათუ უმაღლესი განათლების, არამედ ჯერ სკოლამდელი და შემდგომ სასკოლო განათლების მიღებაც კი გართულებულ პირობებში მიმდინარეობს. ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ...უმეტესობა ჩვენგანს ან მეზობლად ანაც სანათესაოში, გვყავს ოჯახი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს არჩევანის გაკეთება:არსებული მიზერული შემოსავლით,  ბაზისური მოთხოვნილებები (მაგ: საკვები,სამოსი...) დაიკმაყოფილოს თუ ეს თანხა შვილის საგანმანათლებლო საჭიროებებზე დახარჯოს .ხშირად არჩევანი პირველის სასარგებლოდაა - ამაზე სახელმწიფოც და საზოგადოებაც დუმს, თითქოს ცოტა ხნით ადრე  განათლება ყველა ბავშვის უპირობო უფლებად არ გვეღიარებინოს.
  საინტერესო და მნიშვნელოვანი, შეიძლება უპრეცედენტო კვლევაც კი ვუწოდოთ  ორგანიზაცია ESN Tbilisi ISU- ის მიერ მომზადებულ კვლევას, რომელიც პროექტ "Education is your right"-ის ფარგლებში მომზადდა. პრინციპში ემპირიულად დადასტურდა ის,რაც პრაქტიკაშიც კარგად ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგების თანახმად ამ სოციალურ ჯგუფს დისკრიმინაციის პრობლემები არ აქვს, მაინც მგონია, რომ არანაკლებ საგულისხმო იქნებოდა ე.წ "ტესტი სიბრალულზე", რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ჯერაც ნაცნობია და ამის შენიღბვა ვისწავლეთ უბრალოდ. რათქმაუნდა, უნდა გავმიჯნოთ ცნებები დისკრიმინაცია და "სიბრალული", თუმცა ადამიანთა ჯგუფებისთვის სიბრალულიც არანაკლებ მტკივნეულად შეიძლება განიცდებოდეს, როგორც დისკრიმინაცია .(მაგალითისთვის ფიზიკური ძალადობა და უგულებელყოფა - განსხვავებული ფორმებია სიმძიმით, თუმცა შედეგი ორივე შემთხვევაში საზიანო და მტკივნეულია).
 ჩემთვის სრულფასოვანი განათლება არის როგორც ფორმალური ისე არაფორმალური განათლების სფერო, რომელიც ოჯახისგან გარკვეული დოზით ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს. საინტერესოა, რამდენად ღებულობენ მონაწილეობას სოციალურად დაუცველი სტუდენტები, სწორედ არაფორმალური განათლების ღონისძიებებში? ყოველ შემთხვევაში ფინანსების ქონა-არქონა, რომ არათანაბარ სასტარტო პირობებში გვაყენებს მგონი სადავო არ უნდა იყოს.
    სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახის და მათი სტუდენტების ციფრობრივ/რიცხვობრივ მონაცემებს შორის, "უნკალური" და "მწარე" ისტორიები იმალება, რომლებზეც საზოგადოება ჯერ კიდევ არასწორად რეაგირებს. რათქმაუნდა "სიბრალული" თავისთავად თანაგრძნობის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ მხოლოდ ქმედითი ნაბიჯებია გამოსავალი. საზოგადოებას მწუხარებისას ქმედება ავიწყდება! ხოლო სულ მარტივად, რომ ვთქვათ ციფრობრივ/რიცხობრივი მონაცემების უგულვებელყოფაც, საფუძვლიან ჩრდილს აყენებს განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს საქართველოში.
   გამოსავალი ? განათლების უფლებისა და მისი მიღების შესაძლებლობათა თანხვედრა,გზაჯვარედინზე შეყრა, სადაც ეს ორი კომპონენტი განუხრელად, თანმიმდევრულად გადაკვეთს ერთმანეთს და ერთადვე განვითარდება.