Monday, February 4, 2013

აწ გარდასული მეხუთე სემესტრი თსუ-ში


   3 დღე გავიდა რაც თესეუში გამოცდები დამიმთავრდა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ყოვლად და ყოველმხრივ საინტერესო მეხუთე სემესტრიც დავხურე. მემგონი 100 გრამი უკვე მოვიმატე:) და ჩემი კარგა ხნის წინ მოფიქრებული გეგმა-" განძარცვულ და გაძვალტყავებულ  ახალგაზრდობის პარკში " ( რუსთავსში არსებულ პარკზეა საუბარი) ვირბინო, მალე ფერ-ხორცს შეისხამს...:)
   ეს ისე...
   რათქმაუნდა, სემესტრი ნაირნაირი პრობლემებით დაიწყო.
   მარათონად ქცეული საგნების არჩევა, "სასურველი სასწავლო  კურსი-მოსწრებაზე" და ბოლოს (ჯანდაბას პრინციპით) სასურველ თუ არასასურველ სასწავლო კურსზე გამოთავისუფლებული ადგილის საათობრივ/კვარტალური ლოდინი. წანწალი მეოთხედან-მეექვსეში, მეექვსედან-პირველში, პირველიდან-მეხუთეში (უნივერსიტეტის კორპუსებზეა საუბარი) , მერე ისევ წრეზე და ა.შ...  ჩემთვის ეს პროცესი განსაკუთრებით მტანჯველი აღმოჩნდა და გაგიკვირდებათ, მაგრამ თითო-ოროლა კურცხალიც მივაყოლე, რასაც ჩემმა დაქალმა ვეღარ გაუძლო და ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ტუტორებს "ტკბილი" სიტყვა უთხრა :):):) ეხლა მეცინება თორემ მაშინ გენახეთ!
 დამავიწყდა მეთქვა: ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ გადასახადის ჩარიცხვა ვერ მოვასწარი, ერთი დღე დამაგვიანდა და შესაბამისად მარათონშიც გვიან ჩავები, აი დაახლოებით იმ დროს, ნახევრზე მეტი ფინიშს იქით რომაა და საპრიზო ადგილებიც დანაწილებულია :D

 "საგნების მარათონის" პარალელურად ფაკულტეტზე  დიდი ჩოჩქოლი იყო ატეხილი ფაკულტეტის დეკანის, ბ-ნი ნოდარ ბელქანიას უეცარი გადადგომისა და ბ-ნი ანდრო ბარნოვის დეკანის შემსრულებლის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით (ეს სწორედ ის ანდრო ბარნოვია, სულ ახლახანს ჩამოყალიბებული "ორხელისუფლებიანობის პერიოდში" , შიდა ქართლის გუბერნატორად რომ დაინიშნა პრეზიდენტის მიერ  და მანამდე სრულიად "აპოლიტიკური":) ჩვენი ფაკულტეტის დეკანი იყო). სტუდენტების "შიდა საუნივერსიტეტო" პროტესტი, მოუგვარებლად, თუმცა სრულიად ობიექტური მიზეზების გამო შეწყდა. ტელევიზიით გამოქვეყნდა პატიმრების წამების კადრები, რომლებსაც გულგრილი არავინ დაუტოვებია და თითქოს ჩვენც რაღაც შინაგანმა თავისუფლებამ, შეიძლება მოვალეობის გრძნობამაც , შეიძლება სადღაც გულის კუნჭულში მიმალულმა სოლიდარობის გრძნობამ  გვიბიძგა და ათასობით სტუდენტი პატიმრების მხარდასაჭერად, "სისხლისმსმელი" რეჟიმის წინააღმდეგ გამოვედით. თუმცა თუკი პირად განწყობაზე  ვილაპარაკებ, ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და მხოლოდ პატიმრების დასაცავად გამართული მიტინგები, არამედ რაღაც უფრო მეტი, მტკიცება იმისა, რომ ადამიანის უფლებები უზენაესია, უპირველესია, და მის დასაცავად ოდესღაც მაინც გამოვფხიზლდით!

                                       


                                       
  ყოველთვის, ყოველთვის უზომოდ ამაყი ვიქნები იმით, რომ სტუდენტი ვიყავი მაშინ როდესაც ჩვენ გვეღვიძა და ჩვენი  სიფხიზლით მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიციატორნი და ხელშემწყობნი არმოვჩნდით. "ჯანსაღი" ხშირად ისმოდა  მაშინ ეს სიტყვები და სწორედაც ჯანსაღი და თავისუფალი სტუდენტური პროტესტის  მომსწრე გახდა საზოგადოება, თავისუფალი პროტესტის, რომელიც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებიდან დაიწყო და მთელ ქვეყანას მოედო. ამ პროცესშიც კვლავდაკვლავ უშნოდ ეჩხირება სიტყვა "მიუხედავად" და სწორედაც, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობებმა, პროვოკაციებმა და "ბეწვის ხიდზე" სიარულმა ამ საყოველთაო სოლიდარობის დროსაც  იჩინა თავი ( საზოგადოების მცირე ნაწილმა, ალბათ უშუალოდ პროცესის მონაწილეებმა უწყიან ეს ვისი დამსახურება იყო) სტუდენტებმა მიზნის მიღწევა მაინც შეძლეს...
    მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები სულ რაღაც თვეების წინ მოხდა, იმედია ჯერ კიდევ ყველას გვახსოვს და სწორედ ეს ხსოვნა აღარ მოგვცემს მომავალში უკან დახევის საშუალებას, როდესაც, ღმერთმა არ ქნას და საზოგადოება ისევ თავდაცვით პოზიციაში იქნება ვინმესთან ან რაიმე ძალასთან მიმართებაში.
   ამ დიდი მღელვარების შემდგომ, რომელსაც თავისი ლოგიკური დასასრული ჰქონდა (იმედია...), ცხოვრებაც ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგა, ჩვეულებრივ ლექციები და პრაქტიკა  ორგანიზაციაში, სადაც ყოველდღე  350 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოხუცი უფასოდ მიირთმევს ე.წ "სამადლო სასადილოს" საკვებს. აი აქ კი ნამდვილად საინტერესოა ყოფნა... ზოგჯერ თავი მძაგს ხოლმე, როდესაც ვამბობ სოციალურ მუშაკებს ( აქამდე არც კი მითქვამს, რომ ჩემი მომავალი პროფესია სოციალური მუშაობაა:)) საინტერესო საქმე გვაქვს მეთქი, არა იმიტომ რომ სიტყვა "საინტერესო" პირდაპირ კავშირში არ არის ან არ შეესაბამება, უბრალოდ ეს სიტყვა ჩემთვის პოზიტივთან ასოცირდება, და გამომდინარე იქიდან, როგორი ისტორიების მოსმენა მიხდება, როგორ სოციალურ სინამდვილეს ვუყურებთ  თითოეული ჩვენგანი და უმრავლეს შემთხვევაში უძლურების გრძნობა გვეუფლება გამოსავლის უპოვნელობის გამო, მიჭირს ამ ადამიანების ხარჯზე მას საინტერესო ვუწოდო.  როდესაც უშუალოდ ჩარევის, ცვლილების მოხდენის და  ბრძოლის ლეგიტიმური უფლება მექნება ამ ადამიანების სასარგებლოდ (ანუ როდესაც სოციალური მუშაკის ბაკალავრის ხარისხს მივიღებ), მაშინ კი ნამდვილად თამამად ვუწოდებ ჩემ საქმეს  საინტერესოს. ესეც ასე:).
   დეკემბრის  ბოლოსკენ განახლდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების ციებ-ცხელება. ამ პერიოდშიც თავი არავის აუტკივებია პროცესები ღიად და გამჭვირვალედ წარმართულიყო, ვინ ვის "კბენდა", ვინ ვის დაუჭირა მხარი, როგორ წარიმართა არჩევნები, ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ფაკულტეტის სტუდენტთა 90%-მა არც იცის (მეც იმ კატეგორიაში ვარ ვინც ცდილობდა გაეგო, მაგრამ "არსაიდან ხმა არსით ძახილი" :). იმასაც ვერ ვგებულობ,  ახლად დანიშნული სერგი კაპანაზე დეკანის მოვალეობის შემსრულებელია თუ უკვე დეკანი. რას გაიგებ...
   ამავე პერიოდში შეიქმნა ჩემთვის ყველაზე მეტად საამაყო სტუდენტური გაერთიანება "ახალგაზრდა სოციალური მუშაკები ცვლილებისთვის", რომელსაც ცალკე პოსტი ეკუთვნის:)
                                         
   ...მერე იყო ახალი წელი, წელს ერთი გამონაკლისით, მას სოფელში შევხვდი ბებიასთან... ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე იყო, რომ 31-ში საღამოს ორუელის "1984" სულმოუთქმელად ჩავიკითხე და ისე გავემზადე ახალი წლის შესახვედრად. ეს სიჩუმე  დასვენებაც იყო და გულისტკივილიც...  რადგან ამ სიწყნარის მიზეზი ისაა, რომ ჩემი სახლის გარშემო, სახლების 70% ცარიელია...სოფელში აღარავინ არის...სოფლის თითო-ოროლა ხანდაზმული როგორც იტყვის ხოლმე "ძველები დაიხოცნენ და ახალგაზრდებს სოფელი აღარ უნდათ"... (ეს ხდება შუაგულ ქართლში:()

                                 
   და ბოლოს საბოლოო გამოცდები, რომელიც სტუდენტთა ნაწილისთვის ჯერ არც დასრულებულა, მათ შორის  არც ჩემი პირველკურსელი ძმისთვის, რომელიც გამალებით ცდილობს გაერკვეს ჩვენი "უნის" ასავალ-დასავალში, "ფულად-საკრედიტო"  სისტემასა და  ყველა იმ საინტერესო დეტალში, რის გარეშეც თსუ-ში უბრალოდ თავს ვერ გაიტან და უბრალოდ სტუდენტიც ვერ იქნები.
    ესეც ჩემი მეხუთე სემესტრი და ბლოგსტატია მის შესახებ კიდევ ერთი დამატებით. ზოგადად ემოციურს  ამ სემესტრშიც ბევრი რამ გამიხარდა, რა  დასამალია და წარმატებებიც მქონდა, ცოტა ხანი დეპრესიაც და "თვითჩაღრმავების" პერიოდიც, მაგრამ ამ დროის განმავლობაში სულ თან მყავდა ჩემი პატარა-დიდი ოჯახი <3 და ჩემი უსაყვარლესი მეგობრები და კურსელები <3. ეგოისტი უნდა იყო ადამიანი მათი არსებობა, რომ არ დააფასო და ოდესმე ეს არ დაუფასო... მიყვარხართ და ეს ჩემი ბედკრული, უამრავი პრობლემით დამძიმებული და "ევროპული უნივერსიტეტის ტიტულისკენ" მაინც სრაფმავალი თსუ-ც ძალიან მიყვარს.

    ესეც ჩემი მუსიკალური განწყობა, ბოლოსდაბოლოს მეხუთე სემესტრი დავხურე :):):)




                               

                                    


                                                                                                                             



 
   



























































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































































No comments:

Post a Comment