Thursday, March 7, 2013

"გასოციალურებული"მედია, პირველი თუ მეოთხე ხელისუფალი?


მედია, რომ  მეოთხე ხელისუფლების ტიტულს "სამაგალითოდ" ატარებს ამაზე  ერთხმად ვთანხმდებით. მართალია დღემდე დანარჩენი სამი ხელისუფლება (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) ან ცუდი იყო ანაც ცუდზე ცუდი, მაგრამ ამ სახელისუფლებო ფონის მიუხედავად, მედიას ნამდვილად აქვს შანსი იყოს კარგი. რა შეიძლება იყოს ამ სიკარგის მაჩვენებლი? თუ არა ნათლად გამოხატული  თავისუფალი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ანგარიშვალდებული საქმიანობა საკუთარი მომხმარებლის - საზოგადოების წინაშე. ქართული მედიის ავკარგიანობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, უწყვეტ რეჟიმში მიდის მსჯელობა, თუმცა მისი დამოუკიდებლობისა და დაუბალანსებლობის საკითხი კვლავ აქტუალური  რჩება.
ეს საკმაოდ რთული და ჩახლართული თემებია და  ჩემი მიზანიც არაა მათზე წერა, უბრალოდ მაქვს საკუთარი აზრი, მაგრამ არა კომპეტენცია . ჩემი "სამიზნე" უფრო ე.წ "გასოციალურებული" მედიაა, ანუ მედია რომელიც სოციალურად დაუცველი და სიღატაკის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ყოფას აშუქებს. 
სოციალურად დაუცველებს, გაჭირვებამ  გასული კვირეების განმავლობაშიც აიძულა გააქტიურებულიყვნენ, მაგრამ რეაქცია არაერთგვაროვანი იყო - ზოგმა მიიღო დახმარება ,ზოგმა არა, ზოგს თანაუგრძნო ხალხმა და ხელისუფლებამ ზოგს არა. ესეც შერჩევითი გახდა, ისე როგორც სხვა ყველაფერი...

   ქართულ  სოციალურ რეპორტაჟებში ხშირად ირღვევა კონფიდენციალობის დაცვის საკითხი, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებით (ქვემოთ მოყვანილ ერთ-ერთ ვიდეოში, ეს აშკარად ჩანს). ზოგჯერ სხვადასხვა ჟურნალისტური ხერხი, რაც უფრო ყურებადს ანაც სენსაციურს ხდის ჟურნალისტურ პროდუქტს ამახინჯებს სოციალურ სინამდვილეს და გამოხმაურებაც მრავალგვარია. რაც მთავარია, თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა სიბრალულს უფრო მეტად ნერგავს, მაშინ როდესაც მოქალაქეთა სოციალური პასუხისმეგებლობის გაზრდაა საჭირო. სიბრალული ისედაც ვიცით:| რა გამოდის იმის ნაცვლად, რომ მედია თავის ხელისუფლებას იყენებდეს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, უბრალოდ უკან მიყვება მას და ამტკიცებს ნაცნობ შეგრძნებებს (სიბრალულს). ჯანსაღი მედია გრძნობს საზოგადოების მაჯისცემას, ერთდროულად უკანაც მიყვება  და წინაც უსწრებს მას.
ისევე როგორც ყველა სოციალური მეცნიერება, ვგონებ ჟურნალისტიკაც უნდა ხელმძღვანელობდეს პრინციპით "არ ავნო!".  განსაკუთრებით, ეს ეთიკური დებულება უნდა ახსოვდეთ ჟურნალისტებს, რომელნიც რეპორტაჟებს სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა უმცირესობების თემაზე აკეთებენ. ჯგუფებზე, რომელნიც ეკონომიკური თუ სოციალური  ჩაგვრისადმი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან. რათქმაუნდა, დასაფასებელია, რომ ასეთი რეპორტაჟების  გაკეთება და სტატიების მომზადება საერთოდ ხდება, ისიც დასაფასებელია, რომ ვინმე თუნდაც საკუთარი პიარისთვის ამ ადამიანებს ეხმარება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ვერ ვისწავლეთ პრობლემებთან სისტემური და თანმიმდევრული ბრძოლა, რაც მთავარია ყველა მხარის ღირსების დაცვის ხარჯზე. მწვავედ დგას საკითხი რესურსების არქონისა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი და დამოკიდებულება, რომელსაც თავისუფლად შეუძლია არსებული რესურსის აღნიშნული ჯგუფების დასახმარებლად მობილიზება.

   


                            


                                                                                     



                                     
  



                                       

No comments:

Post a Comment