Thursday, August 1, 2013

მამარდაშვილისეული "შინაგანი აქტი"


19 ივნისს, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ შეკრებილმა სტუდენტებმა, ლევან ბერძენიშვილის წყალობით  მერაბ მამარდაშვილი გავიცანით. გავიცანით რა, შეიძლება სულ მცირეოდენი გავიგეთ მის შესახებ. პიროვნების განვითარების კონცეფციის, მისეული ხედვის მხოლოდ ფუნდამენტებს შევეხეთ, მაგრამ ორსაათნახევრიანმა ლექციამ მაინც საკმაოდ საფიქრალი დამიტოვა მეც და ალბათ იქ დამსწრეთა უმრავლესობასაც.
იმდენად ბევრი საფიქრალი, რომ ახლა თეორიიის ფუნდამენტების მორგებას ხან XX და ხანაც  XXI საუკუნის ქართველ თუ არაქართველ ინდივიდებზე ვცდილობ და დარწმუნებული ვარ ლექციიდან გამოსვლისას, უდიდესი უმრავლესობა სწორედ ჩვენ თავზე მორგებას და მამარდაშვილისეული პიროვნების განვითარების ასპექტების გააზრებას, ნაირნაირი ფიქრებისა და შინაგანი ეჭვების წყალობით ვეპოტინებოდით.
ლექციის წარმატება, სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა:
  1. სალექციო თემა ეხებოდა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი (ვიღაცისთვის შეიძლება სულაც ერთადერთი) ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის „პიროვნების განვითარების კონცეფციას“, რომელსაც პირადად ჩემთვის ( და ჩემდა სამარცხვინოდაც) თავად მერაბ მამარდაშვილის პიროვნების გაცნობაც დაემატა.
  2. ლექტორი – ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ტონით, ტემბრით, გადმოცემული ინფორმაციით, იუმორით, ზოგადი ვერბალური თუ არავერბალური მანიშნებლების საშუალებით მოიტანა „მოსმენის განწყობა“ და რა თქმა უნდა, უმთავრესი (ვგონებ თავად მამარდაშვილისთვისაც უმთავრესი) – თუნდაც გაგვეგო სულ მცირე აღნიშნულ საკითხზე, მაგრამ გვეფიქრა ბევრი.
  3.  აუდიტორია –  „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ არსებობის მანძილზე ამ ლექციას ყველაზე ბევრი სტუმარი ჰყავდა
ძალიან სამწუხაროა, რომ მერაბ მამარდაშვილს, როგორც ერთ-ერთ უნიჭიერეს ქართველს, “სიკვდილის ფილოსოფოსს“, „ქართველ სოკრატეს“ და „ქართულ გარემოსთვის უნიკალურად მოაზროვნეს“ ამ საუკუნეშიც ვერ ვაფასებთ სათანადოდ. ვერ ვაფასებთ, რადგან პირველ რიგში ჩვენი განათლების სისტემა და ვგონებ არც პოლიტიკური, არც სოციალური და არც „ქართული კოლექტიური კულტურა“ ამისთვის მზად არაა, მზად არაა დაინტერესდეს „ადამიანით“, და იმ ადამიანებით, ვისაც „ადამიანი“, „პიროვნება“,    „ქმედება“,„სიბრძნე“,“ცოდნა“,“აზროვნება“, „თვითნაბადობა“ და „თვითქმნადობა“,“ინტროსპექცია“(თვითდაკვირვება), „ჭეშმარიტება“  აინტერესებს, ის ჭეშმარიტება, რომელიც სამშობლოზე მეტია.
შეიძლება ალუდები მომრავლდნენ, მაგრამ სოფლის თემი ისევ ძლიერია და მას თავი კვლავ ყოვლისშემძლე ჰგონია.
საზოგადოებას  „ხუთოსნები“ უყვარს.
1013817_170612076448695_1160127257_n
როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა, მამარდაშვლი ფილოსოფიის ისტორიაში უკუღმა მიდიოდა, მაშინ როცა „ხუთოსნები“ წინ მიდიან… მისივე თქმით, მერაბ მამარდაშვილის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ ლაპარაკობს და არ წერს, თუ წერს ისიც გასაგებად და თითქმის არ ხმარობს ფილოსოფიურ ტერმინებს (ფილოსოფიას ხდის ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის მისაწვდომს).
მას პიროვნების ჩამოყალიბების კონცეფცია სპეციფიურ სახელმძღვანელოდ არ უქცევია, თუმცა კონკრეტული ხედვა, მისი ნაშრომებში კარგად ჩანს. ჩვენი ლექციაც  მამარდაშვილის პიროვნების განვითარების კონცეფციას, მისივე ლექციებიდან დაეფუძნა, რომლებსაც ის მარსელ პრუსტზე კითხულობდა, XIX საუკუნის უდიდეს ფრანგ მწერალსა და მოაზროვნეზე, რომელიც გარე სამყაროს არ უყურებს, როგორც ობიექტურ რეალობას. ამასთან აყალიბებს კონცეფციას, რომელშიც ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე, სამყაროზე, საზოგადოებაზე პირობითია და ამ კონცეფციიდანვე გამომდინარე, ყოველგვარი ცოდნა სუბიექტურია, რადგან ადამიანს არ ძალუძს გასცდეს „მეს“ და სხვა ადამიანთა ჭეშმარიტი არსი შეიცნოს.
ობიექტური რეალობის არსებობის მე უკვე კარგა ხანია ნაწილობრივ არ მწამს, ნაწილობრივ რადგან ერთის მხრივ მიმაჩნია, რომ  ადამიანები მართლაც თავთავიანთ სამყაროში ცხოვრობენ და სხვათა ჭეშმარიტების შეცნობა არ შეუძლიათ, მაგრამ ამასთანავე „თანაცხოვრების“ დროს ქმნიან ობიექტურ განზომილებას, ობიქტურ რეალობას, რაც სწორედ თანაცხოვრებითაა გამოწვეული. იმ არსებობით, რომლის დროსაც ყველას ჩვენ-ჩვენი სამყარო გვაქვს, მაგრამ ამასთანავე საერთო სამყაროც, სადაც ერთმანეთს რაღაცებში ვეთანხმებით და ეს შეთანხმებები ხშირად „თამაშები“ უფროა ვიდრე შეთანხმებები, მაგრამ მაინც ობიექტური რეალობის ნაწილია.
მოვყვეთ დეკარტიდან „ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ!“ და  გავაგრძელოთ მამარდაშვილით, რომლისთვისაც დეკარტი უნიშვნელოვანესი იყო, ისევე როგორც პრუსტი… მამარდაშვილი ამბობდა, რომ ადამიანი  არ არის აღზრდის ობიექტი, არამედ განვითარების სუბიექტი, რომელიც თავისუფალ არსებად იბადება და თავად აკეთებს ამა თუ იმ არჩევანს. „ის თავად ირჩევს ვინ იყოს! “, ჩვენ ვართ სუბიექტები და  არა განსწავლადი საგნები.
მამარდაშვილისთვის ამოსავალი ინდივიდის შიგნით მიმდინარე „შინაგანი აქტების“ არ გადადება,( ფილოსოფიის მთავარ პრობლემადაც ფიქრის გადადება დასახელდა) გაბედვა და ჩადენაა!
არ გადადო, გაბედე, ჩაიდინე „შინაგანი აქტი“!მთავარია არ იყო ზარმაცი და გამოიჩინო ძალისხმევა, რადგან სოცოცხლე ძალისხმევაა. და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, „ობიქტური რეალობიდან გამომდინარე“, რომელიც ყველას ცოცხალ არსებებად მოგვიხსენიებს და  რომელსაც პრუსტი და ალბათ მამარდაშვილიც არ აღიარებდა, ყველა ცოცხალი ცოცხალი არ ვართ. ობიქტური სამყაროს ცოცხლებშიც კი განირჩევიან „ცოცხლები“ და „მკვდრები“. შინაგანი აქტების მოქმედი და „არამოქმედი“ ადამიანები, რომლებიც ირჩევენ ან „სიცოცხლეს“ ან „სიკვდილს“, ან მოქმედებას ან უმოქმედობას, ან მონობას ან თავისუფლებას (თავისუფლება „შინაგანი აქტების“ ჩასადენად გვჭირდება).
შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა: „შინაგანი აქტი“ რომელიც „თავისუფლადაა ჩადენილი“და  ყოველგვარი გავლენებისგან დაცლილია, ხომ შეიძლება მცდარ ნაბიჯს წარმოადგენდეს? მაგრამ ბატონი ლევანის თქმით, ამდაგვარ შეკითხვებს  შემდეგნაირი პასუხი აქვს: ყველა გზა შეცდომიდან- სიმართლემდე მიდის. და მართალიცაა, შეცდომის გარეშე ალბათ განვითარებაც ვერ მოხდება და მათ მუდმივი სინდისის ქენჯნა კი არა გააზრება უნდა, რაც პიროვნების განვითარებას აუცილებლად განაპირობებს…

ჩანაწერი მომზადებულია "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრისთვის", რომელიც წარმოადგენს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტს"  

No comments:

Post a Comment