Thursday, August 1, 2013

ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ

ნიკა გვარამია,რუსთავი 2, თსუ,ტელევიაზია, nika gvaramia, rustavi 2, TSU, television
18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ესტუმრა. შეხვედრის მოწყობა მართლაც მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდებოდა – ტელეკომპანიამ გადაწყვიტა ჟურნალისტური სკოლების განვითარების ხელშესაწყობად , ხუთი უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს სტაჟირება გაატაროს.
ზოგადად ადამიანების კატეგორიებად დაყოფა არასწორია,  თუმცა დამეთანხმებით რომ არსებობენ ერთნი, მეორენი, მესამენი და ა.შ, რომელთაც პიროვნული მონაცემებით საერთო და ერთმანეთისგან განმასხვავებელიც ბევრი რამ გაგვაჩნია. ამავე პრინციპით არსებობს ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებსაც აქვთ ინტელექტი, ცოდნა, გამოცდილება,  კარგი „ლავირებისა“ და პუბლიკის მონუსხვის უნარი- სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება  ნიკა გვარამია.
მის მიერ გამოთქმული ყოველი მოსაზრების შემდგომ მიჩნდებოდა სურვილი შეწინაარმდეგებისა, ჩაკითხვისა მაგრამ მისი მხრიდან „ დახელოვნებულმა პასუხებმა“, რომელსაც თან ერთვოდა  ჩემი დილეტანტური ცოდნა  ზოგადად მედია საქმიანობისა, შედეგი გამოიღო და თავის შეკავება მაიძულა. რაც არ უნდა იყოს, ეს ადამიანი უდავოდ დიდი ინტელექტუალური რესურსია, რომელიც აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს თავისუფალ, დაბალანსებულ, სამართლიან, მაღალპროფესიონალურ, რეიტინგულ და ეთიკურ მედია საშუალებას -  როგორიც ბევრ ასპექტში „რუსთავი 2“ ნამდვილად არ არის.
გასაგებია, რომ ქვეყანა ძალიან დიდ პოლიტიკურ რყევებს განიცდის, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ინტერესის საგნად უნდა იქცეს საზოგადოებისთვისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს  ან  ხალხის დაკვეთა საზოგადოებრივი თუ კერძო ტელევიზიების მიმართ მხოლოდ  პოლიტიკური პროცესების  გაშუქებაა.
მეც ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის „რუსთავი 2“ ყველაზე რეიტინგული ქართული არხი (შეხვედრის განმავლობაში ბატონი ნიკა მუდმივად ხაზს უსვამდა, არხი მაღალრეიტინგულობას), რომელიც მან შედარებით „ხარისხიანი პროდუქტის შექმნით“ მოიპოვა.  „ხარისხის“ შეფასებასაც  ძალიან ბევრი კრიტერიუმი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მასში, მაინც თავად ინფორმაციის ღირებულებაა, რამდენად არის ის მიუკერძოებელი, დაბალანსებული და „ნამდვილი“. „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში არსებობს რაღაც, რაც კარგადაა შეფუთული და თვალს იტაცებს, ხიბლავს მასებს და საბოლოოდ ეწოდება „ინფორმაცია“.
ნიკა გვარამიასთან შეხვედრისას გულწრფელად დამწყდა გული და ასევე გულწრფელად ვიკითხე, თუ რატომ მიიჩნევს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, რომ მისი არხის ეთერში არასდროს (შემდეგ აღნიშნა, რომ არ უთქვამს „არასდროს“ ) უნდა გავიდეს სიუჟეტი, რომელიც ეხება, მაგალითად, პანდუსების დამონტაჟების საკითხს და რატომ თვლის, რომ ეს საქმე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელს პრეროგატივაა, რატომ არ შეიძლება ეს საკითხი გაშუქდეს „რუსთავი 2“- ზე (ყველაზე რეიტინგულ არხზე), მაშინ როდესაც ეს პრობლემა ათასობით შშმ პირს და ასევე ათასობით მათ უკან მდგომ ოჯახს ეხება (ერთად უკვე რამდენიმე ათასი  4 მილიონიან ქვეყანაში).  
დღემდე, სახელმწიფოს მხრიდან შეიქმნა „შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სახელმწიფო კონცეფციები“, დარგობრივი კანონმდებლობა,  არსებობენ ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო  ორგანიზაციები თავიანთი „სახელმწიფოსათვის მუდმივშეთავაზებადი“ რეკომენდაციებით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება:  კონცეფციები არ სრულდება, შშმ პირი არაადაპტირებული გარემოს გამო ისევ იზოლირებულია და საზოგადოებაც ვერ ხედავს საკითხის აქტუალობას.  ეს იმიტომ, რომ „კურიერის“ -საეთერო დრო  პოლიტიკას ეთმობა, ხოლო შშმ პირებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნა „პროფილითა“ და „ ნანუკას შოუთი“ ხდება, რომელნიც პირდაპირ აღვივებენ სიბრალულისა და შეცოდების განცდებს და არა შშმ პირთა თანასწორ მოქალაქეებად აღქმას და  საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გააზრებას. 
ჩემს შეკითხვაზე საინტერესო პასუხი მივიღე, ისევ და ისევ კარგად შეფუთული, ეს საკითხები „კურიერში“ მოხვდება, თუკი ის კონკრეტული ადამიანის პრობლემას ასახავს და სწორედ ეს კონკრეტული ფაქტი გაშუქდება კონკრეტულ დღესო. მერე დარბაზში ყველანაირი ხმა აირია და სტუმრის პოზიცია ბოლომდე ან მე ვერ გავიგე ან დაფიქსირებული არც ყოფილა. მისი დამოკიდებულების გასაგებად კიდევ ერთი  პასუხი გამოგვადგება, რომელიც სერიალების საეთერო დროსთან დაკავშირებულ შეკითხვას მოჰყვა, ბატონი ნიკას პასუხი/ რჩევა – როდესაც არ მოგწონს შეგიძლია გადართო.
ბოლოს ზოგადი ხაზგასმა იმისა, რომ ნაკლებად აღვიქვამთ ქართულ სინამდვილეში კერძო ტელეკომპანიის ფენომენს. მაგრამ ბატონო ნიკა, ქართული ტელევიზია ხომ „ ვაის გავეყარე და ვიუს შევეყარეა“, სად გადავრთოთ, როდესაც არჩევანი არ გვაქვს,  ყველგან ხილს ერთნაირი ფერი, სუნი და გემო აქვს მაშინ, როდესაც ერთ ხეზე მოკრეფილ სათითაო ნაყოფსაც კი განასხვავებს ერთმანეთისგან რაიმე ნიშანი.
მე მარტივი გადაწყვეტილება მივიღე – ეს ხილი ან უკეთესად მოვიყვანო, ან აღარ მიყვარდეს და აღარ ვჭამო, მაგრამ ხალხი ვერ იშიმშილებს და ძალაუნებურად  მუდმივად გასაღდება უხარისხო პროდუქციაც.
ჩანაწერი მომზადებულია "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრისთვის", რომელიც წარმოადგენს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტს"  

No comments:

Post a Comment