Wednesday, October 23, 2013

პრობლემასთან ბრძოლა, ადამიანთან ბრძოლის ნაცვლად!


XXI საუკუნეა, ინდივიდებისა და ინდივიდუალიზმის საუკუნე.
 წესით კაცობრიობამ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, სირთულეებთან  საბრძოლველად უნდა გამოიყენოის, მაგრამ ამის  სანაცვლოდ ჩვენ ერთმანეთთან - ადამიანებთან,  ბრძოლა დავიწყეთ.            
ოსკარ უაილდი: იყავი ის ვინც ხარ!
"პიროვნებები მოვნათლეთ სირთულედ."
ადამიანთა სოციალური როლებისა და ცხოვრებისადმი შეხედულებებიდან ბევრი მოძველდა, მათ შორის ის უპირველესად, რომ ადამიანი მხოლოდ კაცია ან მხოლოდ ქალი, ან მხოლოდ მონარქი ან მხოლოდ პრეზიდენტი, ან მხოლოდ დიასახლისი ან მხოლოდ "საქმიანი ქალი", ან მხოლოდ "ნარკომანი" ან მხოლოდ "შიდსით ინფიცირებული" და ა.შ დაუსრულებლად, თუმცა სოციუმის გამრავალფეროვნების კვალდაკვალ, წინ წამოვიდა ისეთი სოციალური პრობლემები , სადაც  უნივერსალურ ღირებულებებს ფეხის მოკიდება უჭირს, ხოლო პიროვნებათშორის ურთიერთობებში  სტიგმამ და სტერეოტიპებმა არაჯანსაღი ფონი შექმნეს.  ადამიანს თავისი პიროვნული ბუნების, სოციალური კაპიტალისა თუ მენტალური შესაძლებლობებისდა მიუხედავად,  ან მხოლოდ ცოლის, ან მხოლოდ პრეზიდენტის, ან მხოლოდ "შიდსით ინფიცირებულის", ან მხოლოდ "ნარკომანის" იარლიყი მიეკერება, ან პირიქით...
 ცადეთ ადამიანისთვის ფიზიკური ფორმის შეცვლა, ან მისი ქცევის ფორმირება  და ადვილად გამოგივათ. მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ფიზიკური ფორმის, ქცევისა და გამოხატული განწყობების,  მენტალურ დონეზე ცვლილებაა, რაც აუცილებლად იძლევა გრძელვადიან, პოზიტიურ შედეგებს.
სტიგმა და სტერეოტოპები ვახსენეთ და  იმის აღნიშვნა დაგვავაიწყდა, რომ სწორედ ეს მანკიერი პრაქტიკაა თანამედროვე მსოფლიოს, როგორც პიროვნებათა ისე  ჯგუფების  გამოწვევა და მათ იმდენად მრავალფეროვანი ხასიათი მიიღეს, რომ გზის გაკვალვა, სწორი დამოკიდებულებებისა და შეხედულებების ფორმირება  ყველაზე რთულ საქმედ იქცა.  ხშირია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა და  კანონმდებლობაც კი  ვერ გამოდის საზოგადოებრივი სტიგმისა და სტერეოტიპების ტყვეობიდან და ამათუიმ სოციალური ჯგუფებისადმი გატარებულ რეპრესიულ პოლიტიკას "უმრავლესობის ინტერესებით","უალტერნატივო გადაწყვეტილების" ან "სახელმწიფო ინტერესებით"  ამართლებს.  რეალურად  ეს მიზეზები ნიღაბია, ან ნიღბები, რომლის უკანაც სუსტად განვითარებული სტრუქტურა, არაპროფესიონალიზმი ან უბრალოდ, პოლიტიკური ნების არქონა იმალება.
ალბათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი მიზეზია, იმ  კონკრეტული პრობლემების  ხელშემწყობი რაც წამალდამოკიდებულ ადამიანებს აწუხებთ დღეს საქართველოში.

  "ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ადამიანი ხვდება. პარალელურად, მათ ეზღუდებათ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები (ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ადვოკატად, ექიმად, საჯარო დაწესებულებებში მუშაობის უფლება), რაც საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის შესაძლებლობებს ამცირებს" (ამონარიდი სტატიიდან "რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და მისი უკუშედეგები")  
 შეიძლება ითქვას რომ პრობლემაა, როგორც საზოგადოების დამოკიდებულება ისე
წამალდამოკიდებული ადამიანი, ნარკოპოლიტიკა საქართველოში, პრობლემასთან ბრძოლა ადამიანთან ბრძოლის ნაცვლად, სტიგმა, დისკრიმინაცია, სტერეოტიპები, 90 იანებს საქართველო, წამალი, ნარკოტიკი,მერაბ მამარდაშვილი,პრობლემის გადაჭრა,კვლევა. drug abuse people, drug police in georgia, fight against problems, not fight against person, stigma, discrimination,,90s in Georgia, medicine,drugs, merab mamardashvili, solutions,research
აირჩიე გზა
  სახელმწიფო პოლიტიკა. ჯერ იყო და საბჭოთა კავშირის რღვევამ გამოიწვია მძიმე სოციო-ეკონომიკური გარდაქმნები და  ამის ფონზე მთლიანად "თაობის დაკარგვა წამალდამოკიდებულების" გამო ( პერიოდი, როდესაც ნარკომოხმარება და წამლის რეალიზაცია ყოველგვარი ცენზის გარეშე მიმდინარეობდა). ხოლო ვარდების რევოლუციის შემდგომ "ნულოვანი ტოლეტანტობის პოლიტიკამ", რომელმაც მნიშვნელოვანად გააუხეშა სახელმწიფოს დამოკიდებულება, როგორც წამალდამოკიდებული ისე ზოგადად კანონდამრღვევი  მოქალაქეებისადმი, არასწორი ორიენტირი მისცა უკვე საზოგადოებასაც. არ დაგვავიწყდეს, ეს იმ ფონზე, როდესაც მედიცინასა და მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებს კარგა ხნით ადრე აღიარებული ჰქონდათ, რომ წამალდამოკიდებული ადამიანები პაციენტები იყვნენ და არა დამნაშავეები.
 დღევანდელი მდგომარეობით "ყველა ციხეში!" აღარ მიდის, მაგრამ  "საქართველოს პოსტსაბჭოთა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა აქვს: ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი მოქმედებაში მოდის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც  2000 ლარით დაჯარიმებას, ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."
   რა პოზიცია ჰქონდა ან აქვს საზოგადოებას ამ ადამიანებთან მიმართებაში?
 90-იანებში  ის, სოციო-ეკონომიკურ-პოლიტიკური წყობის ნგრევითა და საყოველთაო გაჭირვებით იყო გახევებული (მათი განსჯისგან შორს უნდა დავდგეთ, რადგან დრო რეალურად უმძიმესი იყო), როდესაც საკუთარ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო საუბარი იქ სხვისი "განარკომანებული" შვილი აღარვის ადარდებდა, და თუ ვინმეს ადარდებდა, სურათს მაინც ვერაფრით ცვლიდა. 2006 წლიდან მოყოლებული, როდესაც რეპრესიული პოლიტიკა მძვინვარებდა, ისევ გაჭირვებასა და ძალადობრივ გარემოს შეჩვეულებს, გვეგონა, რომ ნარკომანიის მოსპობისა და კრიმინალის შემცირების ერთ-ერთი გზა წამალდამოკიდებულ ადამიანთა დაჭერა იყო, ან არ ვიცი რა გვეგონა, საერთოდ თუ გვეგონა რამე. იქნებ უბრალოდ  შინაგანი შიშებისა და უცოდინრობის ტყვეობაში ვიყავით (და ახლაც ვართ). გავლილი გზის გადახედვისას ერთზე ფიქრდები, ნუთუ საზოგადოება მუდმივად დაეძებს  "იდენტიფიცირებულ პაციენტს", რომელსაც ყველაფერს გადააბრალებს, მასზე გადაიტანს პირად გაბრაზებას, ფრუსტრაციას, უმწეობის შეგრძნებას და ამით უმალ აქცევს ჩაგვრის ობიექტად)
რისი გაკეთება შემიძლია?
მე, თქვენ, ჩვენ მთელი ისტორიის მანძილზე  ეს ადამიანები ერთად ვაქციეთ გარიყულ, სოციალური ცხოვრებისგან მოწყვეტილ ინდივიდებად და ახლა სხვა რომ არაფერი ჩვენი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხია მათი საჯარო სტატუსისა და მხარდამჭერი პოლიტიკის ფორმაცია.ისინი ამას ელიან...
დღემდე მიიჩნევა, რომ წამალდამოკიდებული ადამიანები ანადგურებენ ოჯახს, მიდრეკილნი არიან კანონდარღვევისა და ასოციალური ქცევებისაკენ, "მათი გამოსწორება არ იქნება", მათთან მუშაობა და თანაცხოვრება შეუძლებელია და ა.შ, მაგრამ არავინ უსმენს თავად ამ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობაც ხვდება, რომ ის სერიოზული სენის ტყვეობაშია და დახმარება სჭირდება. დახმარება  არსაიდან ჩანს... მივეჩვიეთ ადამიანი ან მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნებისა და "პრაქტიკის" მაჩვენებლით დავასტატუსოთ, ან მხოლოდ ფსიქოლოგიური საჭიროებებითა და სირთულეებით, ან სოციალური აქტივობითა და საზოგადოებაში პროდუქტიულობის ხარისხის მიხედვით. არადა რეალურად ადამიანები, ჩვენს შემთხვევაში კი  ნარკომომხმარებლები ბიო-ფსიქო-სოციალური არსებები არიან,  ჩვენი მსგავსი  საჭირობებით. იმის გამოძიებას "რატომ დაიწყო" და "რისთვის დაიწყო", სჯობს ფიქრი დავიწყოთ, რომ "აღარ გააგრძელოს". ფაქტია, აკრძალვითა და დევნით უარესი შედეგები დგება. როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა ნარკომომხმარებელმა  ტრენინგისას თქვა: ნარკომანია ყოველთვის იარსებებს, უბრალოდ  სხვადასხვა ანტინარკოტიკული პოლიტიკა  ნარკოსურათს  ცვლის. საქართველოში ამჟამინდელი მდგომარეობით კი უარესდება."
"საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" და ორგანიზაცია "ბემონის" მიერ 2013 წლის მარტში გამოქვეყნებული  შედეგების თანახმად: "კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 40 ათასიდან 45 ათასამდე გაიზარდა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფართოდ დეკლარირებულმა კამპანიამ გამოიწვია ის, რომ დრეს საქართველოში ნარკომომხმარებელთა ნაწილი უფრო მეტად დამაზიანებელი ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების მოხმარებაზე გადაერთო"
იქნებ დროა შეკითხვები საჯაროდ დავსვათ და გაცემული პასუხები საქმედ ვაქციოთ?
უდიდესი ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ამბობდა:
 "სამწუხაროდ, ვერასდროსდროს განვიცდით იმდენად, რომ დავინახოთ სინამდვილეში რა ხდება". ალბათ, სწორედ ეს სჭირს  ქართულ საზოგადოებასა და კანონშემოქმედ სტრუქტურებს, ვერ გრძნობენ იმდენად, რომ სინამდვილე დაინახონ. გრძნობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა (შესაბამისად სინამდვილეც დანახული იქნება), თუ სახელმწიფოსა და ხალხს ექნება მოტივაცია ეს ადამიანები სრულუფლებიან მოქალაქეებად აღიქვას,მათი საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვის რეგისტრში აიყვანოს, მოუსმინოს და თითოეული მათგანის გამოცდილება და ყოფიერების ალტერნატივა მათთან ერთად შეიმუშაოს.

   სტატია მომზადებულია  არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტური კლუბი სოციალური კეთილდღეობისათვის" პროექტის: "დისკრიმინაციული გარემოს კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში" კონკურსის ფარგლებში.


მსოფლიოს ექიმები- საფრანგეთი


                                                 
სტუდენტური კლუბი-სოციალური კეთილდღეობისთვის
                                 

2 comments:

  1. ბლოგერზე ჩემი გრავტოგრაფი არ რჩება, სამწუხაროდ :(

    ReplyDelete