Wednesday, October 3, 2012

ძალადობა-დახმარების ხელი ყველა მხარეს!

           საეთოდ დედამიწაზე,სოციუმში, კონკრეტულად კი პიროვნებათაშორის ურთიერთობებში ბევრი რამ არის ისეთი დამალული და შეუსწავლელი ,რისი ახსნაც არათუ რიგით ადამიანებს,არამედ უნიჭიერეს მეცნიერებსა და გამოცდილ მკვლევარებსაც კი უჭირთ.ჩემი აზრით ,ერთ-ერთი ასეთი საკითხია ძალადობა, რომელსაც მრავალი კუთხიდან სჭირდება ძირეული კვლევა და რაც მთავარია ობიექტური კვლევა. ობიექტური კვლევა, რადგან ძალადობისას არის ორი მხარე მოძალადე და ძალადობის მსხვერპლი, რომელთაგან პირველი საზოგადოების გაკიცხვის მუდმივი ობიექტია,ხოლო მეორე იმავე საზოგადოების მუდმივი სიბრალულის (ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ეს დამოკიდებულება სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებათ,როგორც მოძალადეებს ისე ძალადობის მსხვერპლებსაც,რაც ხელს უშლით მათ, ახალი ცხოვრების დაწყებაში) არადა იმისათვის,რომ რეალურად რამე პოზიტიური მოხდეს ამ ორი მხარის ცხოვრებაში, საჭიროა ერთისათვის კვალიფიციური ფსიქო-სოციალური დახმარება და რაც შეიძლება ნაკლებ განსჯითი მიდგომა(თუ არ ეხება საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს) ხოლო მეორის მიმართ არა სიბრალულის უბრალო გამოვლინება (რომელიც ხშირად საჭორაო თემა უფროა ქართულ სინამდვილეში, ვიდრე სიბრალულის გამოხატვა) არამედ მისი რეაბილიტაცია და წარსული „ტკივილის გაყუჩებაში“ დახმარება, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ.
          მე მესმის საზოგადოების ,რადგან მეც მისი ნაწილი ვარ და  ხშირად განმიკითხავს მოძალადე მაგ: ის ვინც აუპატიურებს, კლავს, იტაცებს, აშინებს, გამუდმებით ურტყამს, ატერორებს მასზე სუსტს და ეს გასაგებიცაა, რადგან ის მოძალადეა ხოლო ჩვენ საზოგადოება მისი „მსაჯულნი“. მაგრამ ყველა მათგანი ხომ მოძალადედ არ გაჩენილა? ჩემი აზრით, ეს არის ადამიანში  გარემო ფაქტორების ანარეკლი, არასწორ ემოციურ გარემოში აღზრდის შედეგია, რომელიც სავარაუდოდ  ისევდაისევ სავსეა ძალადობითა და სისასტიკით (დაწყებული ძალადობის შემცველი ფილმების ყურებით,აგრესიულ კომპიუტერულ თამაშებზე მიჯაჭვულობით თუ უშუალოდ ოჯახში მომხდარი სხვადასხვა ძალადობის ფაქტებით...)
         ვთვლი რომ,როგორც ასეთი მოძალადის კონკრეტული ტიპი არ არსებობს.თითოეული მოძალადე განსხვავებულ გზას გადის ძალადობამდე, მაგრამ  ყველას  ქმედების შედეგი   ერთია, მის მიერ დაჩაგრული, დაშინებული,დასახიჩრებული ანდაც მოკლული სხვა ადამიანები თუ ადამიანი.მით უფრო ვერ დავახასიათებთ ყველა მოძალადეს ერთნაირად, როდესაც ვიცით, რომ მათ მიერ განხორციელებული ქმედებები სულ სხვადასხვა მიზეზით,მოტივითა და სიმძიმით შეიძლება იყოს ჩადენილი.მაგალითად   ერთნაირ სიმძიმეს  ვერ მივანიჭებთ  დედის მიერ ცუდი ქცევისთვის დასჯილი შვილის შემთხვევასა (თუნდაც ფიზიკურად თუნდაც ფსიქოლოგიურად) და მეორე მხრივ, პედოფილის მიერ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას ბავშვის მიმართ. შეიძლება უკვე დამნაშავეობის ხარისხის მიხედვით განვსჯით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალადობის რომელიმე ფორმას  ვაღიარებთ, როგორც რაიმე პრობლემის ერთადერთი გადაჭრის საშუალებას (მაგალითად დედის მიერ შვილის დასჯა არ არის საუკეთესო გამოსავალი).
              როდესაც მოძალადეზე ვლაპარაკობთ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ მისი ფსიქოლოგია და მაშინ ადვილდება დასკვნების გამოტანაცა და მისი დახმარებაც. რამდენი ადამიანიცაა იმდენი  პიროვნების ფსიქოლოგიაა, და შესაბამისად რამდენი მოძალადეცაა იმდენი მოძალადის ფსიქოლოგია. მაგრამ, ჩემი აზრით, არსებობს რიგი თვისებები,რომლებიც მოძალადეებს აერთიანებს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს შიში დასჯისა,შიში თავად ჩადენილი დანაშაულისა ან პირიქით, სიამაყე და პატივმოყვარეობის განცდა ისევდაისევ ჩადენილი დანაშაულის გამო. ასევე საერთო მახასიათებლად შეიძლება აღვიქვათ ემოციური განტვირთვა ან პირიქით, ემოციური დაძაბულობა დანაშაულის გამო,რომელსაც მოძალადე უმწეო მსხვერპლის „დასჯისას“განიცდის.
   ჩვენს საზოგადოებაშიც არიან მოძალადეები, რომელთა ჩამოყალიბებაც არსებულ სოციო-ეკონომიკურ გარემოში მოხდა და სადაც ჩვენი საკუთარი კულტურა ზოგჯერ შემაკავებელი ფაქტორია მოძალადისათვის და ზოგჯერაც ხელშემწყობი. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მასიური უმუშევრობა, მიდრეკილება ალკოჰოლოზმისა და ნარკოტიკებისადმი,(რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ძალადობის ფორმებს) სოციალურად წახალისებული კულტურული ნორმები(პატრიარქატი) გენდერული უთანასწორობა, განათლების ნაკლებობა, თუნდაც „კავკასიური“ ფეთქებადი ხასიათის ქონა, ომებითა და პოლიტიკური ძალადობით სავსე წარსული და ა.შ ასევე ის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, რომლებიც შეიძლება ვერც განვაზოგადოთ.ზოგჯერ უკვირთ“ნუთუ ამის გამო იქცა მოძალადედ?“,“ღმერთო ჩემო, გაუგონარი სისუსტის გამოვლინებაა“, „არა ეგ მაგას არ ჩაიდენდა“და ა.შ ფაქტია, რომ საზოგადოება ხშირად ცდება ფაქტების შეფასებაში (შეიძლება ეს ბოლომდე მისი ბრალი არც იყოს),მაგრამ  დროა მან  ინდივიდზე იზრუნოს, ისევდაისევ მისი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.
         თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნის საზოგადოება ძირითადად მსხვერპლისადმი იჩენს ინტერესს, თორემ მოძალადის დახმარება თვით უმაღლესი დემოკრატიის ქვეყნებშიც კი დიდი ფუფუნებაა. შესაბამისად, ნაკლებადაა მოძალადის ფენომენი შესაწავლილი, ფენომენი რომელიც ძალადობის ინიციატორია . აქედან გამომდინარე, ძნელი ხდება ძალადობის პრევენცია და ვღებულობთ უკვე შემდგარი ძალადობის ფაქტებს და მათგან დაზარალებულ ადამიანებს. ვისურვებდი პოლიტიკას ორიენტირებულს- პრევენციაზე და არა რეაბილიტაციაზე.
  

                         ესე მომზადებულია საუნივერსიტეტო დავალების ფარგლებში  17.11.11ში
                                                                                                                                          







No comments:

Post a Comment