Monday, October 8, 2012

გამოცდილებიდან...


     სიგიჟეცაა თქვა, რომ ეს რეალობა გიყვარს, თუმცა რეალობისა და  რეალიზმის სიყვარული, ცხოვრების  ჯანსაღი თვალით ყურებას და პოზიტიური ცვლილების შანსს ნიშნავს...
     ძალიან ძნელია გაჭირვება, უიმედობა, ცრემლი, ტრაგედია, ტკივილი თუნდაც გვერდიდან მაყურებლის როლში ნახო, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად მძიმეა როცა ამას  აცნობიერებ, ხვდები რომ ვერ დაეხმარები და წარმოუდგენელი უსუსურობისა და პროტესტის გრძნობა გეუფლება. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არის...

 მ ო ხ ა ლ ი ს ე ო ბ ა 
"ფინანსური გამორჩენისა და იძულების გარეშე, პირადი არამატერიალური დაინტერესებით განპირობებული და მოხალისეობის იდეალების გათვალისწინებით განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მიმართულია საზოგადოების სასიკეთოდ და აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტისაკენ."

   მოხალისეობის შესახებ ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ, ამ დეფინიციით ისედაც ნათქვამია თუ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ . ამ საქმიანობას  არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდმა"მაზიარა, და სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით მოხალისეობისას გავაკეთე პირველი ჩანაწერი  მოხუცთა თავშესაფარში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ . ხელუხლებლად გთავაზობთ მას, როგორც გულწრფელ და პირველად ემოციას   დაბრუნების შემდგომ...
     
   "შესვლისას თევზისა და წვნიანის სუნი ერთმანეთში ირევა...დერეფანში მოხუცები არიან მოკალათებულნი,ზოგი ბუხართან თბება,ზოგიც მაგიდას შემოსხდომია და ბაასობს(ერთი საათით ადრე სადილის მოლოდინში).
    მე და ქრისტიმ უხმოდ გავიარეთ მოხუცებით სავსე ფოიე , არ დამავიწყდება ერთ-ერთი  ქალბატონის  გახარებული სახე და წამოძახილი „აი ,გოგოებიც მოვიდნენ!“,მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვიყავით, მოხუცები მაინც მიხვდნენ ჩვენი მისვლის მიზეზს. ჩვენ მოხალისეები ვართ,რომლებიც სადილს გაუმზადებენ მათ!
     სასადილოში შესასვლელი კარი დაკეტილი დაგვიხვდა (კარი იკეტება მანამდე, სანამ მორიგი ცვლა შემოვა,სასადილო ემზადება...)და შემოვლითი გზების ძებნა მოგვიწია.
    სამზარეულოში სიხარულით შეგვხვდნენ  მთავარი მზარეული მაღალ-მაღალი, ბუთხუზა კაცი და სამი ქალბატონი,რომლებიც მოხუცებს სადილს უმზადებენ. ერთ-ერთმა მათგანმა „ორგანიზაციის“ფორმები მოგვარგო და აგვიხსნა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.გულზე მომხვდა,თუმცა ასეთ რაღაცას მაინც ველოდი „გოგონებო დამატება თუ მოგთხოვონ,უთხარით რომ არ შეიძლება,აქ ყველაფერი გათვლილია,თვლით არის პური,ვაშლი...“
    შემართებით დავიწყეთ სუფრების გაშლა და „პირველი ნაკადის“მიღება. მოხუცები ხმაურით და ფორიაქით შემოვიდნენ დარბაზში და კუთვნილ ადგილებს მიუსხდნენ. როგორ ადამიანებს  არ ნახავთ აქ: ჩაფიქრებულს, მოწყენილს, მხიარულს, ძალიან მხიარულს, სევდიანს, ენაწყლიანსა თუ სიტყვაძუნწს...მიუხედავად იმისა,რომ არცერთ მათგანს არ მოუყოლია ჩემთვის თავისი ცხოვრება,თუნდაც მისი ნაწილი, ერთი შეხედვითვე ჩანს რომ ყველას თავისი სატკივარი  და გასაჭირი აქვს.
  ზოგი წვნიანს ყუთში ასხამს, რომ სახლშიც ჰქონდეს საკვები,ზოგს საერთოდაც არ მოსწონს და უკან აბრუნებს,ზოგიც გვერძე მაგიდებზე გზავნის თავის წილს...ერთი სიტყვით დიდი და მზრუნველი ფუსფუსია.ზოგს კოვზი არ აქვს,ზოგი თევზის ნაჭრის ზომას უჩივის,ზოგს ცხელი წყალი უნდა წამლისთვის,მაგრამ პერსონალს საქმე ისედაც თავზე საყრელი აქვს და ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს.“გოგონა გენაცვალე სამზარეულოში უთხარი ერთი თუ შეიძლება,რომ ვიცოცხლო ერთი ჭიქა წყალი ამიდუღონ,წამალი მაქვს დასალევი...“მე დაბნეული გადავცემ დანაბარებს და ორგზის მიწევს იმის თქმა, რომ ჭიქა წყალს ვერ ავუდუღებ...
 პირველად მისულმა ერთბაშად ძნელია მოხუცებს გაუგო. ერთ-ერთმა ქალბატონმა თავისი წილი წვნიანი სამზარეულოში  დამაბრუნებინა,თუმცა შემდგომ დამიძახა და მითხრა, რომ მისი კოვზი წავიღე,პატარა კოვზი (კოვზები მოხუცებს თავად მოაქვთ).ბევრი ძებნის შემდგომ უკან დავბრუნდი იმედგაცრუებული (ვიფიქრე მოხუცია და ალბათ დაავიწყდა, რომ კოვზი წვნიანში არ დაუტოვებიათქო),მაგრამ მან კვლავ საძებნელად გამიშვა.ბევრი წასვლა-წამოსვლის შემდეგ ჭურჭლის მრეცხავმა „არასამზარეულოს“საკმაოდ დიდი ზომის კოვზი მომცა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ის იყო...
  ხშირად ამბობენ ხოლმე მოხუცები და ბავშვები ძალიან ჰგვანანო ერთმანეთს,სწორედ ეს გამახსენდა როდესას წამოსვლისას ერთმა მოხუცმა ხელი დაგვიქნია და თბილად გაგვიღიმა..."  
                                                                                   09.02.12

ასევე ხელუხლებლად გთავაზობთ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ბენეფიციარის მიმართვის წერილს,რომელიც მან თავშესაფარში  მიღებამდე დაწერა (ამ ისტორიის გამოქვეყნება გადავწყვიტე,რადგან თავად ორგანიზაციაც ასაჯაროებს მას)






"გიორგის ძე ქებაძე დავიბადე 1936 წლის 16 სექტემბერს სოფ. ბორბალოში. თეთრიწყაროს რაიონში. რუსთავში დავამთავრე ... და მივიღე ხელობა, "შემდუღებელ მონტაჟნიკი". 1982 წლიდან ვმუშაობდი და ვცხოვრობდი .ოჩამჩირეში. ამჟამად ვარ დევნილი. ჩემი პირადი ცხოვრება ძალზე ტრაგიკულია. შევირთე ცოლი 1961 წელს. შემეძინა 4 ბიჭი. ოთხივე შვილი მცირეწლოვან ასაკში გარდამეცვალა. მეუღლე ფსიქიურად დაავადდა, მასთან ცხოვრება შეუძლებელი გახდა. 1968 წელს შევირთე მეორე ცოლი. მასთანაც 4 ვაჟი შემეძინა და ოთხივე ადრეულ ასაკში გარდამეცვალა. ამის შემდეგ მორე ოჯახიც დაინგრა. 1982 წელს მესამეჯერ დავოჯახდი. შემეძინა 3 ბიჭი და 1 გოგო. სამივე ბიჭი გარდაიცვალა და დარჩა 1 გოგო. 12 შვილიდან მხოლოდ ერთია ცოცხალი. ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა, რომ ჯამრთელობა მთლიანად შემერყა. ეპილეფსიით ვარ დაავადებული. უსახლკაროდაც ვიყავი დარჩენილი და სოც. საცხოვრებელში მომცეს ერთი პატარა ოთახი. საკვებად "-----" დავდივარ სადაც გულს ვაყოლებ და ცატა ხნით მაინც არ ვფიქრობ ჩემს ტრაგედიაზე."


  ალბათ ბანალური ვიქნები თუკი ვიტყვი, რომ ყველა ჩვენგანი გავურბივართ სიბერეს.თუმცა ეს რეალობაა და ის აუცილებლად დადგება...ახალგაზრდების მხრიდან მოხუცებზე ზრუნვა მართლაც რომ სასარგებლო,საინტერესო გამოცდილების მომცემი და ჰუმანური საქმიანობაა.შეიძლება ამ პროცესში დაიღალო ფიზიკურად,თუმცა არა თვითკმაყოფილება არამედ ემოციური კომფორტის გრძნობა ყოველთვის იქნება შენი თანმდევი იმის გამო, რომ შენ დაეხმარე,განიცადე და შეიყვარე...

No comments:

Post a Comment